22 ოქტომბერი 2020,   19:50
ვრცლად
არჩილ თალაკვაძემ დემოკრატიების ალიანსის ორგანიზებით გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დემოკრატიების ალიანსის ორგანიზებით გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების თემა პოლიტიკური პარტიების მხრიდან არჩევნებში კეთილსინდისიერად მონაწილეობა და არჩევნებთან დაკავშირებული საფრთხეები იყო.
 
არჩილ თალაკვაძემ საქართველოში განხორციელებულ ფუნდამენტურ რეფორმებზე ისაუბრა, რომელთა მიზანია სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ეტაპობრივი გადასვლა და საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ უფრო დახვეწა, მათ შორის, პარტიების სამართლიანი დაფინანსების, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების, პოლიტიკაში ქალთა მეტი მონაწილეობის მიმართულებებით.
 
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან მიმდინარე ოკუპაციის, კიბერ საფრთხეების და სხვა გამოწვევების მიუხედავად, გამჭვირვალე, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებით საქართველო კიდევ ერთხელ დაამტკიცებს დემოკრატიის განვითარების მხრივ მიღწეულ პროგრესს. არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ეს მიღწევა ეფუძნება ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის და რიგითი მოქალაქეების ერთობლივ ძალისხმევას და თანამშრომლობას.
 
დისკუსიაში მონაწილეობდნენ ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი და უკრაინის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნატალია იარესკო.

დღის ამბები