22 ოქტომბერი 2020,   17:06
ვრცლად
"ეს ბადებს კითხვებს, თუ რატომ მიიღეს მათ ასე მწვავედ ამ გამოძიების დაწყება" - არჩილ თალაკვაძე დავით გარეჯის საკითხის შესახებ  

პროკურატურის მიერ საქართველოს კუთვნილი მიწის უცხო ქვეყნისთვის გადაცემაზე დაწყებულ გამოძიებას აფასებს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ნინო კალანდაძის განცხადებით, უწყებას არანაირი მტკიცებულება არ აქვს და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ კომისია დღემდე აგრძელებს მუშაობას და დასკვნა არ არის დასრულებული, რის გარეშეც შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია.

"გამოძიებას არ შეიძლება რამე ჰქონდეს, იმიტომ რომ შეთანხება, რომელზეც ისინი საუბრობენ, რის საფუძველზეც, შესაძლოა, მიწების გადაცემა მომხდარიყო, ასეთ შეთანხმება არ არსებობს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კომისიას არ დაუსრულებია მუშაობა. ვიდრე კომისია სამუშაოს არ დაასრულებს და არ იქნება ოფიციალური დასკვნა კომისიის, რომელსაც მოაწერს ორივე მხარე ხელს და რომელიც იქნება პარლამენტის მიერ რატიფიცირებული, რომლის მიხედვითაც ოფიციალური საზღვრების დემარკირება მოხდება, მანამდე არ შეიძლება არსებობდეს საფუძველი, რომლის მიხედვითაც რამე შეიძლება აღსრულდეს,“ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ გამოძიების დაწყება წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება და მმართველი გუნდი ასე ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას.  

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბარამიძე პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების მიღმა პოლიტიკურ მიზნებს ხედავს და ამბობს, რომ ტყუილით და ცილისწამებით ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს.

"ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ არაფერში შეთანხება არ მომხდარა და სწორედ იმიტომ არ მომხდარა, რომ დავით გარეჯის ტერიტორია არის საქართველოსთვის ძალიან პრინციპული,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ მათი ოპონენტები თავის მართლების რეჟიმში არიან გადასულები, რაც კითხვის ნიშნებს ბადებს და სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საგამოძიებო უწყებამ რეაგირება უნდა მოახდინოს.

"თუ წინა წლებში მოლაპარაკებების რომელიმე ეტაპზე ამ პროცესში იკვეთება რაიმე სამართალდარღვევა, ან იკვეთება ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილებები, რასაკვირველია, ჩვენ ვთვლით, რომ ეს უნდა იყოს გამოძიებული. პირველი სწორედ" ნაციონალური მოძრაობის" და ძველი ოპოზიციის მხრიდან მოვისმინეთ თავის მართლება ამასთან დაკავშირებით და პოლიტიკური კომენტარების გაკეთება. ეს ბადებს კითხვებს, თუ რატომ მიიღეს მათ ასე მწვავედ ამ გამოძიების დაწყება,“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები