30 ოქტომბერი 2020,   09:33
ვრცლად
ირაკლი ბებუას წინააღმდეგ, რომელმაც "გამარჯვების დღეს" აფხაზური დროშა დაწვა, ე.წ. სამართალდამცავებმა საქმე აღძრეს

ირაკლი ბებუას წინააღმდეგ ე.წ. აფხაზმა სამართალდამცველებმა საქმე აღძრეს. კონკრეტული მუხლის და გამოძიების სხვა დეტალების შესახებ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მედიას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

გალში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ ე.წ. გამარჯვების დღეს აფხაზური დროშა დაწვა.

ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში გასაჯაროვდა, ადგილობრივების მხრიდან აგრესია მოჰყვა. მათი დიდი ნაწილი ახალგაზრდას სამაგალითოდ დასჯას ითხოვს - დახვრეტის, ჩაქოლვის ან დაწვის გზით.

აგრესიის ტალღის გამო ღელავენ ბებუას ოჯახის წევრები. ამბობენ, რომ მამაკაცი აფხაზეთში 3 წლის წინ ბებიის მოსანახულებლად წავიდა. საბუთებთან შექმნილი პრობლემის გამო კი უკან დაბრუნება ვერ მოახერხა. 

ისინი დახმარების თხოვნით ხელისუფლებას მიმართავენ, მთავრობაში კი ამბობენ, რომ ყველა შესაბამისი რგოლი ინფორმირებულია.

საქმის შესახებ უკვე ინფორმირებულია ომბუდსმენის აპარატი. ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებმა სახალხო დამცველის მრჩეველს საქმესთან დაკავშირებული ყველა დეტალი დღეს მიაწოდეს.

ირაკლი ბებუას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სუსში ამბობენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქმის დეტალებზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. არსებული მონაცემებით, ბებუა გალში იმყოფება - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღის ამბები