24 ოქტომბერი 2020,   19:38
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" წევრმა "ქართული ოცნების" წარმომადგენელს ცეცხლსასროლი იარაღი დაუმიზნა - ასე პასუხობენ ბრალდებას მმართველ გუნდში

"ევროპული საქართველოს" ბრალდებას "ქართული ოცნების" შტაბიდან პასუხობენ.

გორის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი მიხეილ გოგინაშვილი აცხადებს, რომ გორის რაიონის სოფელ ახალსოფელში მომხდარი ინციდენტის დროს "ევროპული საქართველოს" წევრმა "ქართული ოცნების" წარმომადგენელს ცეცხლსასროლი იარაღი დაუმიზნა.

"ქართული ოცნება" ინციდენტის  პროვოცირებაში "ევროპული საქართველოს" ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" შტაბმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელა. 

მიხეილ გოგინაშვილი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" კრიმინალური და უპასუხისმგებლო ოპოზიცია ჰყავს და გორის რაიონის სოფელ ახალსოფელში მომხდარი ინციდენტის პროვოცირებაში "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელებს ადანაშაულებს.

გოგინაშვილი სამართალდამცავებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღით მუქარასაც ჰქონდა ადგილი.   

შეგახსენებთ, "ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, პარტიის წევრ ეთერ ჯალაღანიაზე გორის რაიონის სოფელ ახალსოფელში თავდასხმა მოხდა.  

როგორც ეთერ ჯალაღანია ყვება, მას ათამდე ახალგაზრდა დაესხა თავს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი მომხდარში რომელიმე პოლიტიკურ ძალას არ ადანაშაულებენ, თუმცა ფიქრობენ, რომ თავდამსხმელები გიგი ხოჯევანიშვილის მხარდამჭერები იყვნენ.  

დღის ამბები