27 ნოემბერი 2020,   08:13
ვრცლად
ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება "გირჩთან", საღამოს 10-ის მერე ბარის გარე სივრცე "გირჩისთვისაა" განკუთვნილი - ბარ FELLERS-ის მენეჯერი

ბარ FELLERS-ის მენეჯერი იური პეტროვი აცხადებს, რომ ბარს ოფიციალური ხელშეკრულება აქვს პოლიტიკურ პარტია "გირჩთან", რის მიხედვითაც, საღამოს 22 საათის შემდეგ ბარის გარე სივრცე "გირჩისთვისაა" განკუთვნილი.

მისივე თქმით, ბარი ფიზიკურად დაკეტილია და "გირჩის" სააგიტაციო საღამოებისთვის ბარის მხოლოდ გარე სივრცე გამოიყენება. 

"ჩვენ გვაქვს ოფიციალური ხელშეკრულება "გირჩთან", რომ საღამოს 10-ის მერე ბარის გარე სივრცე რაც არის, გირჩისთვისაა განკუთვნილი. შიდა სივრცე 10-ის მერე საერთოდ არაა მოქმედი, დაკეტილია, მარტო გარეთა სივრცე მოქმედებს.

სააგიტაციო საღამოს არის გირჩის ბევრი მომხრე, ეს ხალხი იკრიბება, ერთობა, საუბრობენ, ჩვენ, უბრალოდ, ვაქცევთ ყურადღებას, რომ რამე არ დაზიანდეს,"-განაცხადა მან. 

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ირწმუნება, რომ 22 საათის შემდეგ ბარის სივრცე ნამდვილად აგიტაციისთვის გამოიყენებოდა. 

"პირველად ჩვენ ეს სივრცე გამოვიყენეთ შტაბად, დაახლოებით 1 თვის წინ. როგორც წესი, აქ ვხვდებით ხოლმე ამომრჩეველს - ბანერი გვაქვს, ფლაერები გვაქვს და საღამოობით აგიტაციას ვუწევდით, მიკროფონი იყო, რაღაცას ვლაპარაკობდით. ბარი ფიზიკურად დაკეტილი იყო, ხალხი არ იყო, ტერმინალი გათიშული იყო. იმის მტკიცებულებაც არ არსებობს, რომ ვინმეს ბარათით ეყიდა ლუდი," - განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, პოლიციამ სისხლის სამართლებრივი დევნა თბილისის ორი ობიექტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ დაიწყო. მიზეზი 15 ოქტომბრიდან ამოქმედებული წესების დარღვევაა, რომლის მიხედვითაც თბილისში, ბათუმსა და იმერეთში საღამოს 10 საათის შემდეგ რესტორნები, ბარები და კაფეები მუშაობას წყვეტენ.

გამოძიების მიმდინარეობის დროს ითქვა, რომ ბარებში ფუნქციონირებდა გირჩის საარჩევნო შტაბი, თუმცა მესაკუთრეებს შესაბამისი დოკუმენტაცია არ წარუდგენიათ. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

დღის ამბები