27 ნოემბერი 2020,   07:14
ვრცლად
საქართველოს ხელისფლებისგან განსხვავებით, აშშ-ში რუსეთის მხრიდან პოლიტიკურ პროცესში ჩარევას სერიოზულად ეკიდებიან - სერგი კაპანაძე

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კიბერუსაფრთხოების კუთხით საქართველოს მთავრობას სერიოზული პრობლემები აქვს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე აღნიშნავს, შტატების მხრიდან "გრუ-ს" 6 ოფიცრის მიმართ ბრალის წაყენება, ნიშნავს, რომ აშშ-ში რუსეთის მხრიდან პოლიტიკურ პროცესში ჩარევას ეკიდებიან სერიოზულად, საქმეს იძიებენ და დანაშაულში მონაწილე პირების დასჯილი სურვილი გააჩნიათ, განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისა.

"ის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბრალი წაუყენა "გრუ-ს" ოფიცრებს კიბერთავსდასხმების გამო აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ აშშ-ში მათ საარჩევნო პროცესებში ჩარევა და ზოგადად რუსეთის მხრიდან პოლიტიკურ პროცესში ჩარევას ეკიდებიან სერიოზულად, იძიებენ ამ საქმეს და შემდეგ უნდათ, რომ დასაჯონ ისინი, ვინც ამაში მონაწილეობენ, განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან, რომელიც თავის რესურსს იმაზე კი არ ხარჯავს, რომ ასეთი ტიპის ჩარევა აღმოაჩინოს, რუსეთის "გრუს-ს" წარმომადგენლებს ბრალი წაუყენოს, ან გამოიძიოს მსგავსი საქმეები, არამედ მთელ თავის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რესურსებს ხარჯავს პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

"რესპუბლიკური" პარტიის პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს საინფორმაციო გზებით ადამიანებზე და მათ გადაწყვეტილებებზე, არჩევნებზე ზეგავლენა მოახდინოს.

"ჩვენ ფონდთან არსებული პოლიტიკური ძალები რუსეთიდან არიან ზურგგამაგრებულები და დაფინანსებულები და ამას ავრცელებენ მედიასაშუალებები, თუმცა ხელისუფლება ამ თემატიკით არც ინტერესდება. რუსეთი საინფორმაციო გზებით ცდილობს, რომ ადამიანებზე იმოქმედოს და მათ გადაწყვეტილებაზე და არჩევანზე მოახდინოს ზეგავლენა, დღეს ნომერ პირველი პრობლემაა იგივე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ისინი აქტიურად მოქმედებენ ზუსტად ამ მიმართულებით, იმიტომაც დააკავეს ის 6 ადამიანი," - აცხადებს თამარ კორძაია.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ქვეყანაში კიბერუსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს, მთავრობას ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას.

"იმისათვის, რომ კიბერუსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, მთავრობა უნდა იყოს ეფექტური, უნდა მიიღოს ზომები ამისათვის. როდესაც 16, 18, 19 წელს იყო თავდასხმები, მე მაინტერესებს რა გააკეთა ხელისუფლებამ იმისათვის, რომ ეს თავდასხმები არ განმეორებულიყო. კიბერუსაფრთხოება არის მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, შესაბამისად უნდა ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საქართველოსა და რამდენიმე ქვეყანაზე ჰაკერული თავდასხმის გამო რუსეთის ე.წ გრუ-ს 6 ოფიცერს შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი 7 მუხლით წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, რუსეთის არმიის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრები კიბერშეტევების დროს მსოფლიოში ყველაზე გამანადგურებელ პროგრამებს იყენებდნენ. განცხადების თანახმად, ჰაკერებმა 2018 წელს კიბერშეტევა საქართველოს ერთ-ერთი მედიაკომპანიის, ხოლო 2019 წელს საქართველოს პარლამენტისა და ქართული ვებვერდების წინააღმდეგ მოაწყვეს. საქართველოს მიმართ კიბერდანაშაულში ბრალი ორ პირს წაუყენეს.

დღის ამბები