27 ნოემბერი 2020,   08:12
ვრცლად
დავით გარეჯის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში ნიკოლოზ ვაშაკიძე მეორედ იკითხება 

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება.

გენერალურ პროკურატურაში გამომძიებლების შეკითხვებს უკვე მეორედ, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაძე უპასუხებს. ის კომისიის თავმჯდომარე 2008 წელს იყო - კონკრეტულად რა აინტერესებთ სამართალდამცავებს მისგან, ჯერჯერობით უცნობია.

თუმცა, სავარაუდოდ ვაშაკიძის მეორედ გამოკითხვა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც "რუსთავის 2-მა" მისი ჩვენება ექსკლუზიურად მოიპოვა, რომელიც მისი საჯარო განცხადებებისგან რადიკალურად განსხვავდება. ნიკოლოზ ვაშაკიძე ამბობდა, რომ ის რუკები, რომლითაც კომისია ხელმძღვანელობდა, ყველაზე ოპტიმალური იყო იმისათვის, რომ საქართველოს ინტერესები დაცულიყო. ჩვენებაში ის ამბობს, რომ არ აქვს არანაირი გეოდეზიური განათლება და არ იცნობს ტოპოგრაფიულ მასალას, რომლითაც კომისია ხელმძღვანელობდა. ის ჩვენებაში ასევე ამბობს, რომ არ ახსოვს ვინ იყო კომისიის შემადგენლობაში, თუმცა ამბობს, რომ მხოლოდ ივერი მელაშვილის ახსოვს. თუმცა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ივერი მელაშვილი იმდენად აქტიურად იყო ჩართული კომისიის მუშაობაში, რომ აზერბაიჯანული მხარე მის გაძევებასაც კი ითხოვდა. 

თავად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძემ, საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე განაცხადა, რომ მისი ჩვენება საჯარო განცხადებებისგან არანაირად არ განსხვავდება.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორც ადვოკატები ამბობენ, მათი სტრატეგია ის არის, რომ ყველა ის ადამიანი გამოიკითხოს, ვისაც საქმესთან რაიმე შემხებლობა ჰქონდა. 

 

 

 

დღის ამბები