27 ნოემბერი 2020,   07:35
ვრცლად
კიბერთავდასხმები რუსული მხრიდან სერიოზული გამოწვევაა - ირაკლი კობახიძე

აშშ-ს მიერ "გრუ-ს" 6 ოფიცრის მიმართ ჰაკერული თავდასხმის გამო წაყენებული ბრალს მმართველ გუნდში ეხმაურებიან. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობა. 

ირაკლი კობახიძის თქმით, რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმები სერიოზული გამოწვევაა და ეს სფერო მუდმივი ყურადღების ქვეშ უნდა იყოს.

"კიბერთავდასხმები რუსული მხრიდან არის სერიოზული გამოწვევა. შარშან იყო მძიმე შემთხვევა, წელსაც იყო სერიოზული თავდასხმა, ჯანდაცვის სამინისტროზე მიტანილ კიბერთავდასხმას ვგულისხმობ და რა თქმა უნდა, ეს რჩება ჩვენთვის გამოწვევად და აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ბუნებრივია, ჩვენს თანამშრომლობას ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან, მათ შორის, უწყებების დონეზე.

მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს იმიტომ, რომ ვიცით,  რუსეთისთვის კიბერთავდასხმები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი, ამაში არიან ესენი საკმაოდ დახელოვნებულები. აქედან გამომდინარე, მუდმივი ყურადღების ქვეშ უნდა იყოს ბუნებრივია, ეს სფერო," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

საქართველოსა და რამდენიმე ქვეყანაზე ჰაკერული თავდასხმის გამო რუსეთის ე.წ გრუ-ს 6 ოფიცერს შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი 7 მუხლით წარუდგინა. საქართველოს მიმართ კიბერდანაშაულში ბრალი ორ პირს წაუყენეს.

დღის ამბები