04 დეკემბერი 2020,   04:18
ვრცლად
ავთანდილ გალდავა ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში ამ დრომდე იკითხება

მძიმე ღამისა და თითქმის 15 საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ სამართალდამცველები მძარცველს ეძებენ. ბოლო ადგილი, სადაც მამაკაცი იმყოფებოდა და მძევლები გამოუშვა, სოფელი კირცხის ტყეა.

ამ დრომდე უცნობია, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელის ვინაობა და რჩება თუ არა ის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ზუგდიდში კი, სადაც გუშინ მოვლენების ეპიცენტრი იყო, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

სამხარეო პოლიციასთან, სავარაუდოდ, ამ დრომდე რჩება ერთ-ერთი მძევალი და სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ზუგდიდის ცენტრში მდებარე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით დღის ორი საათისთვის შეიჭრა. ბანკის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს იარაღით დაემუქრა და მუხლებზე დაჩოქება უბრძანა. იყო რამდენიმე გასროლაც. ბოროტმოქმედმა მოგვიანებით, 500 000 ამერიკული დოლარი და თვითმფრინავით ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია მოითხოვა.

ბანკში მყოფების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა, 19 პირი კი ტყვეობაში დარჩა. ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მძევალი მედიას პერიოდულად ეკონტაქტებოდა. რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, ბოროტმოქმედმა მძევლების გარკვეული რაოდენობა თავად გაათავისუფლა.

მოგვიანებით კი, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პიროვნებამ ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. ერთ-ერთი მათგანი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო. სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი თანხაც ბანკში გალდავამ მიიტანა. ამ დროისთვის ყველა მძევალი უსაფრთხოდ არის, თავდამსხმელმა კი მიმალვა შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.

დღის ამბები