04 დეკემბერი 2020,   04:16
ვრცლად
შაქარაშვილის საქმე - "კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა საბურთალოელების ადვოკატებმა საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება დაიწყონ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 8 პირის წინასასამართლო სხდომა დღეს პირველად თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

ბრალდებულების უფლებადამცველებისთვის უცნობია, რატომ გადაეცა საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს. ბრალდებულებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, სხეულის მსუბუქ დაზიანებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

დღესვე მცხეთის რაიონულ სასამართლოში ახალ​გაზრდა ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე 5 ბრალდებული პირის სასამართლო პროცესიც გაიმართება.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ახლა იმყოფება ნიკა ცერცვაძე, რომელიც ბეჟანიშვილის ქუჩაზე ცხოვრობს და 18 ივნისის ღამეს მცხეთაში ჩავიდა. ნიკა ცერცვაძის ავტომობილი ნივთმტკიცებულების სახით უკვე ამოღებულია.

არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატის ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, ბრალდების მხარის ნუსხიდან, დაახლოებით 100 მოწმიდან, პირდაპირი მოწმე არცერთი არ არის. 

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის დავით ყარაზაშვილის განცხადებით, დღეს რვა მოწმე დაიკითხება.

"დაიკითხება რვა მოწმე. პირი, რომელმაც არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე წაიყვანა მეორე დღეს მანქანით შემთხვევის ადგილზე. ასევე დაიკითხება ის პირი, რომელიც გვამის აღმოჩენის პერიოდში იქ იყო,"- განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება სრულწლოვნების საქმეს, ორ ნაწილად გაიყო. ნაწილმა ამჯობინა, რომ მათი საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ, ხოლო დანარჩენი რვა პირის სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლებს.

"კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ადვოკატი სასამართლო პროცესის გადადებას შუანდგომლობას დააყენებს, რის შემდეგაც საბურთალოელების ადვოკატები პროკურატურას მიმართავენ და საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება დაიწყება.

თუმცა ამ ინფორმაციას სასამართლო პროცესამდე ადვოკატები არ ადასტურებენ. მათი ნაწილი "კურიერთან" მხოლოდ იმას ამბობს, რომ საქმის გამოყოფას კვლავ მოითხოვენ.

დღის ამბები