27 ნოემბერი 2020,   07:31
ვრცლად
საქართველოს სახელმწიფო მათ გაანადგურეს და გუშინ ჩვენ ამაში დავრწმუნდით - მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ, ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

მისი სიტყვებით, მომხდარი იმის დასტურია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ საქართველოს სახელმწიფო გაანადგურა.

"ასეთი რამ, არამხოლოდ საქართველოში არ იყო არასდროს წარმოსადგენი, შევარდნაძის დროსაც კი, ჩვენ დროს აღარ ვსაუბრობ, ასეთი რამ შეუძლებელია ოდნავ მაინც ორგანიზებულ სახელმწიფოში ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. საქართველოს სახელმწიფო მათ პრაქტიკულად გაანადგურეს და გუშინ ჩვენ ამაში დავრწმუნდით. საქართველოს მოქალაქეებს ყველგან აქვთ დიდი დაუცველობის განცდა,"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

შეგახსენებთ, გუშინ ზუგდიდის ცენტრში მდებარე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით დღის ორი საათისთვის შეიჭრა. ბანკის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს იარაღით დაემუქრა და მუხლებზე დაჩოქება უბრძანა. იყო რამდენიმე გასროლაც. ბოროტმოქმედმა მოგვიანებით, 500 000 ამერიკული დოლარი და თვითმფრინავით ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია მოითხოვა.

ბანკში მყოფების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა, 19 პირი კი ტყვეობაში დარჩა. ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მძევალი მედიას პერიოდულად ეკონტაქტებოდა. რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, ბოროტმოქმედმა მძევლების გარკვეული რაოდენობა თავად გაათავისუფლა.

მოგვიანებით კი, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პიროვნებამ ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. ერთ-ერთი მათგანი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო. სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი თანხაც ბანკში გალდავამ მიიტანა. ამ დროისთვის ყველა მძევალი უსაფრთხოდ არის, თავდამსხმელმა კი მიმალვა შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.

დღის ამბები