29 ნოემბერი 2020,   12:38
ვრცლად
კოვიდთან ბრძოლაში, კრიმინალთან ბრძოლაში, ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში ეს მთავრობა ჩაფლავდა - გიგი უგულავა

ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ხელისუფლება კრიმინალთან ბრძოლაშიც ისევე ჩაფლავდა, როგორც კორონავირუსთან ბრძოლაში. 

"ვნახეთ სრული ეროზია და კრახი კრიმინალთან ბრძოლაში. ფაქტია, რომ კოვიდთან ბრძოლაში ეს მთავრობა ჩაფლავდა, კრიმინალთან ბრძოლაში ჩაფლავდა და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში ეს მთავრობა ჩაფლავდა. ჩვენ გვაქვს ტოტალური ჩაფლავება იმ მთავრობისა, რომელიც უნდა წავიდეს, თუ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს,"- განაცხადა გიგი უგულავამ.

პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია აცხადებს, რომ არჩევნების წინა დღეებში ასეთი პროცესები ქვეყნისთვის სახიფათოა. 

"ეს ნორმალურია, რომ ამდენი საათი გავიდა და საზოგადოებას არც ერთი ოფიციალური უწყება თავდამსხმელი ვინ იყო არ ეუბნება? ესაა გასაიდუმლოებული და ვისთვისაა ეს გასაიდუმლოებული? ანუ ვისთვის ინახება ეს ინფორმაცია. სახიფათოა, არჩევნების წინა დღეებში ასეთი მოვლენების კვალდაკვალ პროცესები,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილის შეფასებით, ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი პიკზეა. 

"ქართული სახელმწიფო მმართველი ოლიგარქის წყალობით ჩამოშლილია და არავის უსაფრთხოების გარანტია არ გააჩნია არც ქალაქის ცენტრში, და არც სამთავრობო ოფისებში, დაუსჯელობის სინდრომი ავიდა პიკზე და იმიტომ, რომ კანონიერი ქურდები, კრიმინალები, შავები, ოლიგარქები, აღმასრულებელი ხელისუფლება, სპეცსამსახურები გადაჯაჭვულია ერთ პარტიად,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

შეგახსენებთ, გუშინ ზუგდიდის ცენტრში მდებარე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით დღის ორი საათისთვის შეიჭრა. ბანკის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს იარაღით დაემუქრა და მუხლებზე დაჩოქება უბრძანა. იყო რამდენიმე გასროლაც. ბოროტმოქმედმა მოგვიანებით, 500 000 ამერიკული დოლარი და თვითმფრინავით ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია მოითხოვა.

ბანკში მყოფების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა, 19 პირი კი ტყვეობაში დარჩა. ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მძევალი მედიას პერიოდულად ეკონტაქტებოდა. რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, ბოროტმოქმედმა მძევლების გარკვეული რაოდენობა თავად გაათავისუფლა.

მოგვიანებით კი, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პიროვნებამ ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. ერთ-ერთი მათგანი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო. სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი თანხაც ბანკში გალდავამ მიიტანა. ამ დროისთვის ყველა მძევალი უსაფრთხოდ არის, თავდამსხმელმა კი მიმალვა შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.

დღის ამბები