29 ნოემბერი 2020,   12:28
ვრცლად
არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკურად შეფუთული ბანდიტობები და ტერორისტული აქტები ხდება - გია ვოლსკი

მმართველი გუნდი გუშინ ზუგდიდში განხორციელებულ ოპერაციას წარმატებულად აფასებს, ზოგი მათგანი კი არ გამორიცხავს, რომ ამ ფაქტის უკან პოლიტიკური ინტერესები იმალებოდეს.

პარლამენტის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ჩიქოვანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანი, ვინც ასეთი ფაქტებით მანიპულირებას ცდილობს, უპასუხისმგებლოა. 

"ტრაგიკომიკურია ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ მისი პარტიის მიერ ჩატარებული ღონისძიება შესაძლოა გახდეს იმის მიზეზი, ვერ მივაქციოთ ყურადღება ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს.

ადამიანები და პოლიტიკოსები, რომლებიც იწყებენ სპეკულაციას და ცდილობენ საკუთარი თავი წარმოაჩინონ, როგორც უმაღლესი დონის გამომძიებლები, მიმაჩნია, რომ ეს არიან უპასუხისმგებლოები, ვინაიდან, ჩვენ გვყავს კომპეტენტური სამართალდამცველი ორგანოები, რომელთაც უნდა მივცეთ საშუალება იმუშაონ,"- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მმართველი გუნდის წევრი რატი იონათამიშვილი დარწმუნებულია, რომ სპეცოპერაციის მეორე ნაწილიც წარმატებით დასრულდება და თავდამსხმელს დაიჭერენ. 

"თუკი არსებობს გარკვეული რისკები, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. პოლიციამ იმუშავა მაღალი პროფესიონალიზმით, რაშიც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა სამხარეო პოლიციის უფროსმა ბატონმა ავთანდილ გალდავამ. ოპერაციის პირველი ნაწილი, რაც გულისხმობდა მძევლების გათავისუფლებას, წარმატებით დასრულდა, ოპერაცია, საპოლიციო ღონისძიებები გრძელდება და, დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ნაწილიც წარმატებული იქნება,"- განაცხადა რატი იონათამიშვილმა. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ ამ ფაქტის უკან პოლიტიკური ინტერესები იმალებოდეს. 

"არ გამოვრიცხავ, რომ ეს გარკვეული, პოლიტიკურად შეფუთული ბანდიტობები და ტერორისტული აქტები ხდება. არ გამოვრიცხავ არ ნიშნავს, რომ ვამტკიცებ, რომ ეს ასეა. დანაშაულებები, სამწუხაროდ, ხდება არამარტო საქართველოში და ფაქტია, რომ პოლიციამ გაართვა თავი ამოცანას, რომ არ დაშავებულიყო მოქალაქე,"- განაცხადა გია ვოლსკიმ. 

შეგახსენებთ, გუშინ ზუგდიდის ცენტრში მდებარე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით დღის ორი საათისთვის შეიჭრა. ბანკის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს იარაღით დაემუქრა და მუხლებზე დაჩოქება უბრძანა. იყო რამდენიმე გასროლაც. ბოროტმოქმედმა მოგვიანებით, 500 000 ამერიკული დოლარი და თვითმფრინავით ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია მოითხოვა.

ბანკში მყოფების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა, 19 პირი კი ტყვეობაში დარჩა. ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მძევალი მედიას პერიოდულად ეკონტაქტებოდა. რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, ბოროტმოქმედმა მძევლების გარკვეული რაოდენობა თავად გაათავისუფლა.

მოგვიანებით კი, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პიროვნებამ ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. ერთ-ერთი მათგანი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო. სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი თანხაც ბანკში გალდავამ მიიტანა. ამ დროისთვის ყველა მძევალი უსაფრთხოდ არის, თავდამსხმელმა კი მიმალვა შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.

დღის ამბები