29 ნოემბერი 2020,   11:08
ვრცლად
"თავიდან არანაირი თანხა არ მოუთხოვია ბანკიდან... თვალებთან კანიც კი შეღებილი ჰქონდა" - ყოფილი მძევალი

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში მომხდარი თავდასხმის ყოფილმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ "დღის კურიერის" ეთერში გუშინ განვითარებული პროცესები გაიხსენა და ახალ დეტალებზეც ისაუბრა. მისი თქმით, თავდამსხმელს თანხა ბანკიდან არ მოუთხოვია:

"რაც მე მოვისმინე, მას თანხა იმ ბანკიდან, რომელშიც შემოვიდა, არ მოუთხოვია, შეიძლება მენეჯერი რომ ყოფილიყო იმ შემთხვევაში, მოითხოვდა. თავიდან არანაირი თანხა არ მოუთხოვია ბანკიდან, მისი მოთხოვნების შესახებ ჩვენ გავიგეთ მას შემდეგ, რაც მან მე მომთხოვა დავკავშირებოდი ტელევიზიებს და უშუალოდ ჟურნალისტებმა დაუსვეს ეს შეკითხვა და მან თქვა, რომ ითხოვდა 500 ათას დოლარს და გასვლის გარანტიებს," - განაცხადა  ირაკლი კვარაცხელიამ.

მისი თქმით, მას არ შეუმჩნევია, რომ თავდამსხმელს ვინმესგან ინსტრუქციები მიეღო და კომუნიკაცია ჰქონოდა.

"ამის დამადასტურებელი, რომ თანამზრახველები ჰყავდა, მე არ მაქვს, თავისი ტელეფონი არ გამოუჩენია. ქართულად საუბრობდა, მაგრამ როდესაც მეგრულად დავუწყეთ ლაპარაკი, გამოგვეპასუხა," - აღნიშნა ირაკლი კვარაცხელიამ.

ირაკლი კვარაცხელიას თქმით, მეგრულად დალაპარაკების მიუხედავად, მისთვის ძნელია გამოარჩიოს რომელი რაიონისთვის დამახასიათებელი აქცენტით საუბრობდა თავდამსხმელი. როგორც ამბობს, აღნიშნულ პირის საუბარს არც ერთი კუთხისთვის დამახასიათებელი აქცენტი არ ჰქონდა. ამასთან, ის კიდევ ერთხელ იმეორებს იმას, რომ აღნიშნულ პირს, იარაღთან მოქცევის პრაქტიკა ჰქონდა:

"ის ნამდვილად არ იყო შორს იარაღთან, ექსპერტი არ ვარ, მაგრამ მისი ქცევები მაფიქრებინებს, რომ მას ჰქონდა ხანგრძლივი პრაქტიკა იარაღთან ურთიერთობის," - განაცხადა კვარაცხელიამ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ მას ჰყოლოდა თანამზრახველები შენობაში, ირაკლი კვარაცხელია აცხადებს, რომ მას, რაიმე საეჭვო არ შეუნიშნავს.

რაც შეეხება გარეგნობის დამახასიათებელ დეტალებს, ირაკლი კვარაცხელია ამბობს, რომ თავდამსხმელს ყველაფერი დაფარული ჰქონდა

"კანის ის ნაწილი, რომელიც თვალებთან ერთად ჩანდა, ისიც შეღებილი ჰქონდა და შესაბამისად, რაიმე ასეთი მახასიათებელი მე არ შემინიშნავს და ეჭვი მაქვს, არც არავის," - განაცხადა კვარაცხელიამ.

დღის ამბები