29 ნოემბერი 2020,   12:03
ვრცლად
უნისონშია საოკუპაციო ძალის მიერ დესტაბილიზაციის სურვილი და დესტაბილიზაცია, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ - გია ვოლსკი ოპოზიციას აკრიტიკებს

მმართველი გუნდის წევრი, პარლამენტის ვიცესპიკერი, ზუგდიდში გუშინ განვითარებულ მოვლენებში რუსული კვალის არსებობას არ გამორიცხავს, ამასთან აცხადებს, რომ  ოპოზიციის ნაწილიც ამ ძალასთან უნისონში მოქმედებს. ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა:

"თუკი ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ეს ტერორისტული თუ ბანდიტური აქტი იყო იმ ძალების სურვილი, რასაც არათუ არ გამოვრიცხავ, არამედ ყოველდღიურად ვხედავთ ამას, რუსეთი, საოკუპაციო ძალა მაქვს მხედველობაში, რასაკვირველია, იქვე უნდა განვიხილოთ, რა ხდება ამ შიდა პოლიტიკურ ველზე. სწორედ ეს პოლიტიკური ძალა, რომლის წარმომადგენლებიც დღეს თითქოსდა თავშეკავებით საუბრობენ, სწორედ ისინი არიან, რომლებიც დესტაბილიზაციას სხვა მეთოდებით, სხვა ყოველდღიურობით, განცხადებებით თუ ქმედებით უნისონში არიან ყველაფერთან. თუკი ამას ასეთ შეფასებას ვაძლევთ, იქვე გვერდზე მოვიგონოთ, ვინ არის დესტაბილიზაციის მებაირახტრე საქართველოს პოლიტიკურ ველზე.

გუშინდელი ვითარება არის ერთ-ერთი ეპიზოდი. გამოძიებით უნდა  დადგინდეს, ფაქტია რომ უნისონში კეთდებოდა კომენტარებიც, ადამიანიც, რომელიც ახლა გამოვიდა, მძევალი, რომ ეს არის სახელმწიფოს დანაშაული რაც ხდება, ვიღაცა ბერძენიშვილი გამოხტა, ვიღაცები ამბობენ, რომ სახელმწიფო ვერ შედგა, როგორ გაბედა პოლიციამ და დაამთავრა ოპერაციის პირველი ფაზა მსხვერპლის გარეშე. უნისონში არის სურვილი დესტაბილიზაციისა საოკუპაციო ძალის მიერ და დესტაბილიზაცია, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ. კომენტარები, რომ სახელმწიფო ვერ შედგა და მოგროვილი სვავები ვერ დააცხრნენ სისხლს, რომელსაც ელოდებოდა ჩვენი ოპონენტი ძალების ძალიან დიდი ნაწილი, თითქოს ეს არის სახელმწიფოს სისუსტე," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, გუშინ შეიარაღებული პირი ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. ის 500 ათას დოლარს და უსაფრთხო წასვლის გარანტიებს ითხოვდა. საბოლოოდ მან რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ბანკის შენობა, 3 მძევალთან ერთად დატოვა, რომელთა შორისაც იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, რომელიც სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა აღნიშნული 3 პირიც გაათავისუფლა და მიიმალა. სავარაუდოდ მან თან წაიღო მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ გადახდილი ფულიც. შსს-ს ინფორმაციით მის დასაკავებლად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით - 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.

 

დღის ამბები