04 დეკემბერი 2020,   03:51
ვრცლად
"პარანოიდული შიშები და მოლანდებები ჩემი პროფესიონალური ცოდნის სფეროს არ განეკუთვნება"- სალომე სამადაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციის მიერ ყალბი ვიდეომასალის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით პარანოიდულს უწოდებს.

სალომე სამადაშვილი მმართველ გუნდს ურჩევს, არჩევნებში გარდაუვალ მარცხს წინასწარვე შეეგუონ. 

"რაღაცა ტექნოლოგიების გამოყენება იმისთვის, რომ ხალხის გამოსახულება გააყალბონ, სხვა პარანოიდული შიშები და მოლანდებები, ჩემი პროფესიონალური ცოდნის სფეროს ნამდვილად არ განეკუთვნება. როგორც ჩანს, მართლაც პარანოიდული შიში აქვს დაწყებული ხელისუფლებას და მათ წარმომადგენლებს, რომ არჩევნების შედეგები იქნება სრული კრახი "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის. მე შემიძლია მხოლოდ, რომ მათ მეგობრული რჩევა მივცე, რომ დაიწყონ შეგუება ამ გარდაუვალ მარცხთან,"-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იქამდე "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია ინტერნეტში ცრუ ვიდეომასალის გავრცელებას გეგმავს. ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას ოპოზიციამ ბრალდებითვე უპასუხა.  

დღის ამბები