04 დეკემბერი 2020,   04:13
ვრცლად
6 დღე არ არის ძალიან დიდი დრო, გრძელდება ოპერაცია - ირაკლი კობახიძე ზუგდიდის სპეცოპერაციაზე

ზუგდიდის ცენტრში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმას ეხმაურებიან მმართველ გუნდში. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამოძიება გრძელდება და იმედოვნებენ, რომ ოპერაცია მალე წარმატებით დასრულდება.

"ძალიან მძიმე თემა იყო ის, რაც მოხდა, თუმცა რაც ყველაზე მთავარია, მძევლები ყველა ისე დაბრუნდა სახლში, რომ თმის ღერი არ ჩამოვარდნია. ადამიანების სიცოცხლის უსაფრთხოება არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. რაც შეეხება დაკავებას, იცით, რომ მიმდინარეობს ღონისძიებები ამასთან დაკავშირებით, იდენტიფიცირებულია ადამიანი, ვინც ეს ჩაიდინა და მე მინდა ვთხოვო პოლიტიკოსებს, რომ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ პოლიტიკური განცხადებებისგან, შეფასებებისაგან," - განაცხადა კახა კალაძემ.

"6 დღე არ არის ძალიან დიდი დრო, გრძელდება ოპერაცია და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ეს ყველაფერი წარმატებით დასრულდება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით დღის ორი საათისთვის შეიჭრა. ბანკის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს იარაღით დაემუქრა და მუხლებზე დაჩოქება უბრძანა. იყო რამდენიმე გასროლაც. ბოროტმოქმედმა მოგვიანებით, 500 000 ამერიკული დოლარი და თვითმფრინავით ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია მოითხოვა.

ბანკში მყოფების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა, 19 პირი კი ტყვეობაში დარჩა. ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მძევალი მედიას პერიოდულად ეკონტაქტებოდა. რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, ბოროტმოქმედმა მძევლების გარკვეული რაოდენობა თავად გაათავისუფლა.

მოგვიანებით კი, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პიროვნებამ ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. ერთ-ერთი მათგანი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო. სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი თანხაც ბანკში გალდავამ მიიტანა. ამ დროისთვის ყველა მძევალი უსაფრთხოდ არის, თავდამსხმელმა კი მიმალვა შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით - 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.

დღის ამბები