29 ნოემბერი 2020,   12:27
ვრცლად
თვალის ჭრილთან დაკავშირებით ვერ შევამჩნიე მნიშვნელოვანი სხვაობა, თუმცა ბევრი ადამიანი შეიძლება იყოს მსგავსი აღნაგობის - ყოფილი მძევალი სავარაუდო დამნაშავეზე

არის თუ არა ბადრი ესებუა ის, ვისაც პოლიცია უკვე მე-6 დღეა ეძებს. ეს კითხვა "კურიერის" ჟურნალისტებმა დაუსვეს ადამიანებს, რომლებმაც "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში თავდამსხმელთან ერთად რამდენიმე საათი გაატარეს.

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი პირები ბადრი ესებუასთან დაკავშირებით პირველ კომენტარებს აკეთებენ, რომელიც "კურიერის" წყაროს ინფორმაციით, "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმეში ერთადერთი ეჭვმიტანილია.

ირაკლი კვარაცხელიას განცხადებით, რომელმაც დამნაშავესთან ერთად ტყვეობაში დაახლოებით 9 საათი გაატარა, ვერ გამორიცხავს, რომ ბადრი ესებუა სწორედ თავდამსხმელი იყოს, თუმცა დასძენს, რომ მისი ამოცნობა არ შეუძლია, რადგანაც დამნაშავეს მხოლოდ თვალების ჭრილი უჩანდა. ირაკლი კვარაცხელიას თქმით, ასევე სხეულის აღნაგობით შესაძლოა, რომ იყოს მსგავსება აღნიშნულ პიროვნებასა და ბადრი ესებუას შორის.

"ის ადამიანიც, რომელიც მძარცველი იყო და ის ადამიანი, რომელიც სურათებზე ვნახე - არის სპორტული აღნაგობის ორივე, კარგად მომზადებული ფიზიკურად.

თვალის ჭრილთან დაკავშირებით ვერ ვიტყვი, რომ შევამჩნიე მნიშვნელოვანი სხვაობა, თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვა ისიც, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება იყოს მსგავსი აღნაგობის, მაგრამ ერთი, რასაც ნამდვილად ვამბობ არის ის, რომ ამ ადამიანს ვერ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება იყოს თავდამსხმელი. ეს ადამიანი ჩემი აზრით დაახლოებით იყო 35 წლის, თუმცა თვალებით რამდენადაც შეიძლება და ლაპარაკით, მოძრაობით ამისი შემჩნევა" - განაცხადა ყოფილმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ.

რაც შეეხება დავით ხვიბლიანს, ესებუასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, თუმცა მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე, რომ შესაძლოა დანაშაულში თანამზრახველი იყოს, კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ეს ბრალდებები ცილისწამებაა.

"ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, უბრალოდ ნახეთ, რომ მე ნამდვილად სახლში ვარ და არანაირი ძალადობა ჩემზე არ ყოფილა. მაგ ბრალდებებს რომ ავრცელებს ის ადამიანი, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მაგარი უნამუსო ადამიანია," - აცხადებს ყოფილი მძევალი დავით ხვიბლიანი.

დღის ამბები