29 ნოემბერი 2020,   12:18
ვრცლად
გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, შეუძლებელია ცესკომ თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი ყველა მოქალაქის ზარის მიღება შეძლოს 

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ცესკოს 45-ე დადგენილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. მათი თქმით, ცესკოს პროცედურები არ შეეესაბამება სტანდარტებს და, შესაძლოა, რამდენიმე ათასი ადამიანი ხმის უფლების გარეშე დარჩეს.

"ვასაჩივრებთ იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც თვითიზოლაციასა და საკარანტინო ზონაში მყოფ პირებს ერთმევათ თავიანთი საკონსტიტუციო უფლება. სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი არ გვაქვს, ვინაიდან ვიცით ამ ქვეყანაში სასამართლო ვის ხელშია, თუმცა, მაინც ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს, თუნდაც იმისთვის, რომ მოხდეს სრული ლუსტრაცია იმისა, თუ ვის დაკვეთებს ასრულებს ცენტრალური საარჩევნო კომისია,"- განაცხადა "ერთიანი საქართველოს" წარმომადგენელმა თენგიზ ჭყოიძემ. 

"გამარჯვებული საქართველოს" წევრი გურამ ჩალაგაშვილი აცხადებს, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ცესკომ მათი ნორმით განსაზღვრულ ვადაში თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი ყველა მოქალაქის ზარის მიღება შეძლოს. 

"ცესკომ თავად განაცხადა, რომ ჰყავთ მხოლოდ 25 ოპერატორი, რომლებიც ვერ აუდიან ადამიანების ზარებს. დღეს დილით განაცხადეს, რომ 1500 ადამიანია ჯერ დარეგისტრირებული და კიდევ 10 000 ადამიანი არის, რომელმაც უნდა დარეკოს ცესკოში. როგორ წარმოგიდგენიათ, 1500 ადამიანის დარეგისტრირება მოახერხეს 2 დღეში და ახლა 8000-ზე მეტი ადამიანი მოახერხებს, რომ დარეკოს. ფიზიკურად ვერ ვუკავშირდები, თავად ვცადე წეღან,"- განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა. 

ცესკოს წარმომადგენელი ადვოკატი აცხადებს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საერთაშორისო სტანდარტებით იხელმძღვანელა და ამის დასტურია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ოპოზიციური პარტიების 5 მოთხოვნიდან მხოლოდ სამი დაკმაყოფილდა.

"ვფიქრობ, საქალაქო სასამართლომ რაც გაითვალისწინა იმ სამი მოთხოვნიდან, რაც მოსარჩელეებს ჰქონდათ, სხვა ორი მოთხოვნა არ უნდა გაითვალისწინოს და ძალაში უნდა დატოვოს, რადგან ძალიან საფუძვლიანად შეაფასა საქალაქო სასამართლომ სარჩელის საფუძვლიანობა, ფაქტობრივი გარემოებები, სწორი ანალიზი გაუკეთა და განმარტება გააკეთა სამართლებრივი ნორმებისა,"- განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 45-ე დადგენილების მიხედვით, თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფ პირებს არჩევნებში მონაწილეობისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის უფლება 26 ოქტომბრის 22 საათამდე ჰქონდათ. ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის პროტესტის შემდეგ, ცესკომ გადაწყვეტილება შეცვალა და ვადა 27 ოქტომბრის 14 საათამდე გადასწია. 

დღის ამბები