04 დეკემბერი 2020,   04:13
ვრცლად
"მათ არ უნდათ, როგორც ჩანს, მარტივად დემოკრატიული არჩევნებით დათმონ ხელისუფლება" - გიორგი ვაშაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის განცხადებას ოპოზიციურ სპექტრში ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ არჩევნების გამოცხადების შემდეგ, ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებებს გამორიცხავენ და მსგავს სცენარს არ განიხილავენ.

აქვე, ხელისუფლებას მოუწოდებენ, ყველა კანონიერი გზით საკუთარი ხმების დაცვას აპირებენ.

"მათ არ უნდათ, როგორც ჩანს, მარტივად დემოკრატიული არჩევნებით დათმონ ხელისუფლება. იმიტომ რომ ხელისუფლება მათ უნდათ ქვეყნის ძარცვისთვის და მეტი სხვა ამოცანა არ აქვთ. ამიტომ, კობახიძესაც და ყველას ვეუბნები რომ ასეთი სისულელეების რახარუხს, გირჩევნიათ მოემზადოთ მშვიდობიანად ხელისუფლების გადაბარებისთვის,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

”ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანზორ ბიწაძე ამბობს, რომ თუკი ხელისუფლება ხმების გაყალბებას დაიწყებს, ოპოზიცია საპროტესტო აქციებს დაიწყებს.

"თუ გაყალბდება არჩევნები, თუ მოგვპარავენ ხმებს, ჩვენ დავიწყებთ საპროტესტო აქციებს. თუ ჩატარდება ნორმალური არჩევნები და არ მოგვპარავენ ხმებს, მაშინ, რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან მშვიდად  და წყნარად შევეგებებით საქართველოში ხელისუფლების გადაბარების პროცესს. ელემენტარულია, ნუ დაარღვევთ კანონს, არ იქნება საპროტესტო აქციები, თუ დაარღვევთ კანონს, მოჰყვება საპროტესტო აქციები,“ - აცხადებს ანზორ ბიწაძე.

ირაკლი კობახიძის განცხადებას აკრიტიკებს და მას მოქალაქეების დაშინების მცდელობას უწოდებს "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.

"ეს არის მორიგი ანტისახელმწიფოებრივი განცხადება კობახიძის მხრიდან, რომელიც ემსახურება მიზანს, რომ შეიტანოს ისედაც დაძაბულ წინასაარჩევნო გარემოში, კიდევ ახალი დაძაბულობა, დააშინოს ამომრჩეველი, დააშინოს ადამიანები, რაღაც აბსურდული ამბოხის რისკის თაობაზე,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დღის ამბები