04 დეკემბერი 2020,   04:11
ვრცლად
მესტიაში შეკრებილები უკვე სამი საათია 4 მესტიელის გათავისუფლებას ითხოვენ

მესტიაში საავტომობილო გზა ადგილობრივებმა ერთადერთი მოთხოვნით გადაკეტეს- შეკრებილები იმ პირების გათავისუფლებას ითხოვენ, ვინც თბილისი-მარნეულის გზაზე "ქართული ოცნების" სპეციალისტის ცემის ფაქტზე დააკავეს.

თემურ შუბითიძე ამტკიცებს, რომ სამსახურში მიდიოდა, როდესაც უცნობმა პირებმა მის ავტომობილს ჯერ მანქანა შეაჯახეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აქციის მონაწილეები 4 მესტიელი მამაკაცის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ. ოთხივე მათგანს ბრალად ედება "ქართული ოცნების" წევრის მარნეულის საკრებულოს სპეციალისტის თემურ შუბითიძის ცემა. ისინი არ გამორიცხავენ და არ უარყოფენ იმას, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება ნამდვილად იყო, თუმცა მომხდარის ყოველგვარ პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავენ.

"მოტივად დაუდეს რაღაც ვითომ ავარია, დაიჭირეს და ახლა არის წინასწარი 2 თვიანი მისჯილი, მაგრამ მიდის სერიოზული საუბარი, რომ მიუსჯიან მაგ ბიჭებს. როდესაც მთავრობის მომხრეები აშავებენ რაღაცას, იმათთვის საყვედურით არის ყველაფერი განსაზღვრული და ამ შემთხვევაში ბიჭებს უშვებენ პატიმრობაში," – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ადგილობრივების თქმით, ბრალი, რომელიც წარდგენილი აქვთ ბრალდებულებს ითვალისწინებდა წინასწარი პატიმრობის გარდა აღკვეთის უფრო მსუბუქ ღონისძიებას, მაგალითად გირაოს, თუმცა შესაძლოა მათთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სამოქალაქო აქტიურობას და იმას უკავშირდებოდეს, რომ წლების განმავლობაში ოთხივე მათგანი ჰესებისა და ოქროს მოპოვების წინააღმდეგ იბრძოდა.

"ვართ შერჩევითი სამართლის მსხვერპლები. მითუმეტეს ლაშა გურგულიანი, რომელსაც ხელის დამდები ჰყავს, არც დაზარალებული უჩივის, ამომცნობიც კი არავინ არ ჰყავს იმიტომ, რომ ადამიანი ამ ჩხუბში საერთოდ არ ერია, იმასაც კი 2 თვიანი მიუსაჯეს. გვინდა, რომ სასწრაფო წესით დაინიშნოს აპელაცია და გირაოს სახით გაათავისუფლონ ბიჭები," - აცხადებს დაკავებული ლაშა გურგულიანის ნათესავი.

დღის ამბები