29 ნოემბერი 2020,   12:48
ვრცლად
ცილისწამება და ტყუილი - ოპოზიცია  ყალბი ამბების გავრცელებაზე მამუკა მდინარაძის ბრალდებას პასუხობს

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგს, სადაც ის ოპოზიციის მხრიდან წინასაარჩევნოდ შექმნილ ყალბ ექაუნთებზე საუბრობს და ოპონენტებს არაკანონიერი მეთოდებით ბრძოლაში ადანაშაულებს, ოპოზიცია ეხმაურება. აღსანიშნავია, რომ ბრალდებების კონტექსტში მამუკა მდინარაძემ კონკრეტული ადამიანები - ლევან ხაბეიშვილი, გიორგი კაპანაძე და გიორგი ვაშაძე დაასახელა. 

ბრალდების ადრესატები კი აღნიშნულს უარყოფენ. 

"მდინარაძეს თუ კითხავთ, ადამიანებს სავსე აქვთ მაცივრები და ხაბეიშვილი ატყუებს თავისი "ფეიკნიუსებით", ეკონომიკა კარგად არის, უბრალოდ, ხაბეიშვილი იტყუება. ლარის კურსიც კარგად არის, მაგრამ ხაბეიშვილი ავრცელებს რაღაცა ტყუილებს და საზოგადოებას აჯერებს, რომ ყველაფერი ცუდად არის, არადა, ამ დროს ყველაფერი კარგად არის. 

ანუ, იმ ადამიანებისგან, ვინც უფასო ფულის დაპირებით მოვიდა, განახევრებული ტარიფებით, "ფეიკით" მოვიდნენ თავიდან ბოლომდე და ამ დროს 2020-ის ბოლოს, ხელისუფლებიდან რომ მიდიან იმ დროს, სხვას რომ ესვრიან ტალახს, "ფეიკნიუსს" ავრცელებენო, დიაგნოზი მგონია,"- აცხადებს პარლამენტის სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან "ენმ - ძალა ერთობაშია" ლევან ხაბეიშვილი.

რაც შეეხება გიორგი ვაშაძის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ მას "ფეისბუკზე" დარეკლამებული ჰქონდა გვერდი, რომლის საშუალებითაც ყალბ ამბებს ავრცელებდა. გიორგი ვაშაძე მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას ასე უპასუხა: 

"არ მეგონა, თუ ისევ გაიხსენებდა, როგორ შეშინდა და გაექცა დებატებს გახარია. რაც შეეხება ფინანსებს, ეს ყველაფერი აღრიცხულია აუდიტის სამსახურში, საჯაროა ყველასთვის და დიახაც, საკომუნიკაციო სტრატეგიაში ვიყენებთ, მათგან განსხვავებით, აბსოლუტურად ღიად, გამჭვირვალედ ვხარჯავთ თანხას და არა ისე, შავ ფულს, როგორც ისინი ახლა არიგებენ ქუჩა-ქუჩა,"- აღნიშნავს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი კაპანაძის განცხადებით კი, ეს ყველაფერი მის მიმართ ცილისწამება და ტყუილია. 

დღის ამბები