29 ნოემბერი 2020,   12:11
ვრცლად
მნიშვნელოვანია საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევებზე სერიოზული რეაგირება და გამოძიების ჩატარება - კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა წინასაარჩევნოდ მიმართვა გაავრცელა. დიპლომატი 8 მარტის შეთანხმების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

მისი განცხადებით, მეათე მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული იქნება, რაც ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს ამომრჩეველთა ნების უფრო მკაფიო ასახვას. ჰარცელი მოუწოდებს სადამკვირვებლო ჯგუფებს, არჩევნებზე დარღვევების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება მოახდინონ.

"ეს არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარდება, რაც მთავარ პოლიტიკურ აქტორებს შორის 8 მარტს მიღწეული ისტორიული შეთანხმების შედეგად გახდა შესაძლებელი. ამ შეთანხმებას თითქმის მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა დაუჭირა მხარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ძირითადი პარამეტრები, რომელსაც მოახლოებული არჩევნები ეფუძნება, ახლა ფართო მხარდაჭერითა და ნდობით სარგებლობს. ამ შეთანხმების წყალობით, პარლამენტში შესვლის რეალური შანსის მქონე პოლიტიკური პარტიების არე მნიშვნელოვნად გაფართოვდა, რაც ხელს უწყობს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს ამომრჩეველთა ნების უფრო მკაფიო ასახვას.

არჩევნების შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ოდირის ადრინდელი რეკომენდაციების შესრულების შედეგად, არჩევნების მარეგულირებელი კანონმდებლობა გაუმჯობესდა, თუმცა, სამწუხაროდ, რიგი რეკომენდაციებისა გაუთვალისწინებელი დარჩა. ადგილობრივმა სადამკვირვებლო ჯგუფებმა არაერთი ინციდენტისა და საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევის შესახებ განაცხადეს. მინდა მხოლოდ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია ყველა ამგვარ შემთხვევაზე სერიოზული რეაგირება და გამოძიების ჩატარება. ადმინისტრაციული და სამართალდამცავი ორგანოების სათანადო მოქმედებასთან ერთად, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც უნდა გააგრძელონ მუშაობა თავიანთ აქტივისტებთან და მხარდამჭერებთან უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დასაცავად. ერთ-ერთი ელემენტი ფიზიკური დაპირისპირებისა და ესკალაციის თავიდან აცილებაა. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ ყველა ამ ასპექტს, მათ შორის ევროპელ დიპლომატთა სადამკვირვებლო გუნდის მიერ არჩევნებზე დაკვირვების საშუალებით უშუალოდ არჩევნების დღეს,"- ნათქვამია მიმართვაში. 

დღის ამბები