29 ნოემბერი 2020,   12:40
ვრცლად
ერთი დღე არჩევნებამდე - პოლიტიკოსები საკუთარ გზავნილებს კიდევ ერთხელ ახმოვანებენ

არჩევნებამდე მხოლოდ ერთი დღე დარჩა და მოქალაქეებისთვის, არჩევანის გაკეთებამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიტიკოსები საკუთარ გზავნილებს კიდევ ერთხელ ახმოვანებენ. პარტიების ძირითადი გზავნილები სამართლიანობას, დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარებას, სტაბილურობასა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეეხება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ისინი აუცილებლად შეძლებენ "ქართული ოცნების" დამარცხებას და ქვეყნის განვითარების გზაზე დაყენებას. პარტიები ამომრჩევლების თითოეული ხმის მნიშვნელობაზე საუბრობენ და საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

"უნდა ჩამოვიცილოთ ოლიგარქიული ვერტიკალი და ვუთხრათ მას არა. ხელისუფლების წყარო არის ხალხი და სწორედ ხალხს უნდა დავუბრუნოთ ხელისუფლება," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ყველა მიმართულებით მარცხი განიცადა, ამიტომ საქართველოს მოქალაქეებმა მას უნდობლობა უნდა გამოუცხადონ:

"ყველამ ერთად მას უნდა გამოვუცხადოთ უნდობლობა და ამის ყველაზე კარგი და მშვიდობიანი გზა, ერთადერთი გამოსავალი არის არჩევნებზე მისვლა და შემოხაზვა ყველა იმ ძალის, რომელიც უპირისპირდება "ქართულ ოცნებას" - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერის ეკა ბესელიას თქმით, მისი პოლიტიკური ძალისთვის მიცემული მანდატი ნიშნავს, რომ ქვეყანაში იყოს სამართლიანობა, გამართული ეკონომიკა, ჯანდაცვა და განათლება.

"ჩვენ გვჭირდება ეს მანდატი იმისთვის, რომ ხალხმა იგრძნოს, რომ მათ ჰყავთ წარმომადგენელი პარლამენტში," - აცხადებს ეკა ბესელია.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ არჩევნების გაყალბების თავიდან აცილებისთვის აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია:

"არ დარჩეთ სახლში, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არავის არ მივცეთ გაყალბების შესაძლებლობა. ქვეყანაში ვითარება არის რთული და მას სჭირდება გამოცდილი ლიდერი," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და მოუწოდა ხელისუფლებას, რომ გაყალბება არ გაბედოს.

გამარჯვებაში თავის მხრივ დარწმუნებულია მმართველი გუნდიც.

"ქართული ოცნება" ერთი მთავარი ლოზუნგით გამოდის - სტაბილურობა სამართლიანობისთვის, ერთად საქართველოსათვის, არსებობს კიდევ სათნოება, დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, პატრიოტიზმი, რომელიც ჭარბად აქვს "ქართულ ოცნებას" და მის გარშემო მობილიზებულ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს," - განაცხადა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები