20 იანვარი 2021,   20:14
ვრცლად
თემქაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის თქმით, ბრალდებულს მკვლელობის ჩადენის მომენტი არ ახსოვს

თემქაზე მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ნიკა ნარიმანიძის ადვოკატის, დავით ახალაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა აწ გარდაცვლილისგან სექსუალური ხასიათის შეთავაზება მიიღო. მისივე ინფორმაციით, ბრალდებულს მკვლელობის ჩადენის მომენტი არ ახსოვს. 

ადვოკატის განცხადებითვე, ბრალდებული გარდაცვლილისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობას უარყოფს.

"მათგან ერთ-ერთმა, აწ გარდაცვლილმა, უკვე მსხვერპლმა, მის მიმართ გამოიჩინა სექსუალური ლტოლვა და მას სთავაზობდა არატრადიციულ სექსუალურ კონტაქტს. იმდენად აღელვებული ვიყავი, რა ვითარებაში ჩავიდინე მკვლელობა, არ მახსოვსო. 

მისი პოზიცია ცეცხლის წაკიდებასთან არის ისეთი, რომ მე ცეცხლი არ წამიკიდებია, ბენზინი არ მიმისხია, ერთადერთი მტკიცებულება ამ საქმეში ცეცხლის წაკიდებასთან დაკავშირებით არის მეორე ბრალდებული გოგონას ჩვენება,"-განაცხადა ადვოკატმა. 

საქმის პროკურორის, გიორგი ქობულაძის განცხადებით, ბრალდებული ჩვენების მიცემასა და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებდა და ამ ინფორმაციის შესახებ მხოლოდ დღეს გახდა მათთვის ცნობილი.

მისივე თქმით, არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ცეცხლი მტკიცებულებების განადგურების მიზნით სწორედ ნიკა ნარიმანიძემ წაუკიდა. 

"დაცვის მხარემ დღეს გაავრცელა გარკვეული ინფორმაცია, თუმცა, იმ ბრალდებულს, რომელმაც ეს ინფორმაცია გააჟღერა, საერთოდ არ მიუცია გამოძიებისთვის ჩვენება, თავადვე აცხადებდა ამაზე უარს. უფრო მეტიც, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაზე აცხადებდა უარს. აქედან გამომდინარე, მისი ეს პოზიცია ჩვენთვის იყო უცნობი. თუმცა, ამ ეტაპზე, ჩემი შეფასებით, ეს პოზიცია მიმართულია პასუხისმგებლობაზე თავის არიდებისკენ. ამ ეტაპზე, რაც იკვეთება არსებული მტკიცებულებებიდან, ბრალდებულმა ნ.ნ-მ წაუკიდა ცეცხლი სწორედ მტკიცებულებების განადგურების მიზნით. ეს არის მოპოვებული მტკიცებულებები ამ ეტაპზე,"-განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, 31 წლის მამაკაცი თემქის დასახლებაში მამაკაცის მკვლელობისა და კიდევ ერთი პირის დაჭრისთვის დააკავეს. მკვლელობა ორი დღის წინ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, კვალის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე ხანძრის მოწყობა სცადა. ის მომხდარიდან რამდენიმე საათში აიყვანეს.

დღის ამბები