27 ნოემბერი 2020,   07:17
ვრცლად
"მან ეს ყველაფერი გააზრებულად გააკეთა" - მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი ბრალის წარდგენას ამ დრომდე ელოდება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალზე თავდასხმისთვის დაკავებული, ბრალის წარდგენას ამ დრომდე ელოდება. ამ წუთებში ლევან ზურაბაშვილს ადვოკატები წინასწარი დაკავების იზოლატორში ხვდებიან.

ინტერესების დამცველები დეტალებზე საუბარს საგამოძიებო უწყებიდან საქმის მასალების მიღების შემდეგ შეძლებენ.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გამომძიებლები დაკავებულის ტანსაცმელს ამოიღებენ, საიდანაც უნდა აიღონ დნმ-ის ნიმუში ექსპერტიზისთვის. საგამოძიებო მოქმედებას დაესწრებიან დაკავებულის ადვოკატები. 

"ტანსაცმლის ამოღება უნდა მოხდეს, მის ტანსაცმელს წაიღებს გამოძიება ექსპერტიზის ჩასატარებლად. იმდენად სოციალური მოთხოვნა იყო, თითქოსდა კრიმინალის ნიშნები საერთოდ არ არის ამ ქმედებაში, ამიტომ, კარგად შევისწავლით  ყველაფერს და ამის შემდეგ გვექნება უფრო დაწვრილებითი პოზიცია,"- აცხადებს დაკავებულის ადვოკატი გიორგი ჭოჭუა.

ლევან ზურაბაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ დაკავებულმა ყველაფერი გააზრებულად გააკეთა და მისი მიზანი არა პირადი გამორჩენა, არამედ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის შეცვლა იყო. 

"ლევანის ფსიქოემოციური მდგომარეობა ბუნებრივია იყო მძიმე, ამიტომ ჩვენ ვითხოვეთ, რომ გუშინ მას გამოეყენებინა დუმილის უფლება და არ მიგვეღო საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა, თუმცა, მისი სურვილია, რომ მან ყველანაირ მოქმედებაში მონაწილეობა მიიღოს. ის ამბობს, რომ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ეს პრობლემები გადაიჭრას და აღმოიფხვრას, ის მზად არის, რომ სიცოცხლეც კი გასწიროს და მან ეს ყველაფერი გააზრებულად გააკეთა,"- აცხადებს ადვოკატი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. 31 წლის მამაკაცი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში გუშინ საღამოს შეიჭრა და სოციალური მოთხოვნები დააყენა.

დღის ამბები