18 იანვარი 2021,   17:58
ვრცლად
"ლელოს" ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა - მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს ოპოზიცია აქციის გამართვას გეგმავს

"ლელოს" ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა. მოლაპარაკება სამოქმედო გეგმას ეხებოდა. წინასწარ არის ცნობილი, რომ ოპოზიცია აქციას მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს გამართავს, შეკრების სხვა დეტალები უცნობია. ჯერჯერობით გაურკვეველია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდის თარიღი.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე ერთ-ერთი მსჯელობის საკითხი საზოგადოებასთან კომუნიკაციების სხვადასხვა ფორმა იყო.

"ვმსჯელობთ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმაზე, რომ გავუზიაროთ, ასევე მოვისმინოთ სხვადასხვა ჯგუფების, საზოგადოებას მათი აზრი, მოლოდინები, არგუმენტები, ჩვენი გეგმები, მოლაპარაკების პროცესზე ვისაუბროთ, ამიტომ გვექნება ასეთი სერია შეხვედრების ძალიან მალე. ჩვენი მიზანი არის, რომ პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანაში გაგრძელდეს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვიყოთ ღია, ანგარიშვალდებული ხალხის მიმართ, სადაც საჭიროა იქ იყოს აქცია, სადაც არაა საჭირო, არ იყოს აქცია," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში არეულობას არ გამორიცხავს.

"საპროტესტო აქციები გაგრძელდება, იქნება შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფთან. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრების დღეს, რა თქმა უნდა, თუ არაფერი არ შეიცვლება და მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდება, იქნება ძალიან დიდი შეხლა-შემოხლა, ამაში ეჭვი არ მეპარება, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა გარეთ," - აცხადებს ლევან იოსელიანი.

პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიცია მესამე რაუნდის ჩანიშვნის თარიღსა და ხელისუფლებისგან წინადადებებს ელოდება.

"განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტს, იმიტომ, რომ ველოდებით მესამე რაუნდის ჩანიშვნის თარიღს და აქედან გამომდინარე, ველოდებით რა წინადადებით მოვა ხელისუფლება. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გავაფართოვოთ იმ ადამიანების წრე, ვისაც ამ არჩევნების შედეგად პროტესტის გრძნობა გააჩნია," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დღის ამბები