18 იანვარი 2021,   17:25
ვრცლად
"ქართული ოცნება" კოვიდის სიტუაციას მუდმივად იყენებს პარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის - ელენე ხოშტარია

მთავრობის ბრალდებებს, რომ პანდემიის გავრცელებას ისინი პარლამენტთან გამართულ აქციებს უკავშირებენ, ოპოზიციაში პასუხობენ. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, კოვიდპანდემიას მმართველი გუნდი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის მუდმივად იყენებს და ახალი ბრალდებებიც ამას უკავშირდება.

ოპოზიცია ხელისუფლებას პანდემიის მართვის ჩაგდებაში ადანაშაულებს.

"სამწუხაროა და არც პირველი შემთხვევა, რომ "ქართული ოცნება" მუდმივად კოვიდის სიტუაციას იყენებს პარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის. მთელი ზაფხული გვესმოდა, რომ დამარცხებულია კოვიდი. ეს ის თემა არ არის, სადაც ასეთ გადაბრალებაზე უნდა ვისაუბროთ. საარჩევნო პერიოდში ისინი აბსოლუტურად მშვიდად ატარებდნენ ყველანაირ შეხვედრას, რაც უნდოდათ, მერე გააყალბეს არჩევნები და ადამიანებს უთხრეს, რომ კი გაგიყალბეთ არჩევნები, მაგრამ ახლა ხმა არ ამოიღოთ. ასე არც კოვიდი გვარდება, არც პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი კი ამბობს, რომ აქციების გამართვისას დაცული იყო რეკომენდაციები.

"ფაქტიურად სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ასეთი რაოდენობის ინფიცირებულებისთვის. ახლა ცდილობენ, რომ ისრები გადაიტანონ ოპოზიციისკენ. სულ ტყუილად, იმიტომ, რომ ეს აქციები, ჯერ ერთი, იმართებოდა ღია სივრცეებში და მეორე, რაც არ უნდა ისაუბრონ ოპოზიციის ბრალეულობაზე, არავის არ სჯერა ამის, იმიტომ, რომ მენეჯმენტი არ აქვთ დალაგებული და არ იციან, როგორ მართონ ეს პანდემია და იმიტომ მივიღეთ ეს მძიმე შედეგი," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა

დღის ამბები