20 იანვარი 2021,   20:39
ვრცლად
თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს რეკომენდაციებით მერიას დაუბრუნდა

საკრებულომ თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიას კენჭი უყარა და დოკუმენტი მერიას შესწორებებისთვის დაუბრუნდება. 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი მოცულობა 840 მილიონი ლარია.

"2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით არის 181 მილიონი ლარით ნაკლები, გამომდინარე იქიდან, რომ შემცირებულია შემოსავლები მაგალითად დღგ-ს მიმართულებით არის 20 მლნ კლება, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების მიმართულებით 45 მლნ კლება, ქონების გადასახადი არის 10 მლნ კლება, გარდა ამისა არ არის გათვალისწინებული ფინანსთა სამინისტროდან მისაღები სპეც ტრანსფერი, რომელზეც მიმდინარეობს მოლაპარაკება," - აცხადებს თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი გაიოზ თალაკვაძე

სხდომა ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობდა, განხილვას მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსის" წევრი დეპუტატი ვაჟა ოთარაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი ვატო შაქარაშვილი ესწრებოდნენ. მათ დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით საკუთარი პრეტენზიები წარმოადგინეს.

ვატო შაქარაშვილის თქმით, თბილისის მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქების ნაცვლად ბიუჯეტში ძალიან ბევრი გაუმართლებელი და არარაციონალური ხარჯია, რომელთა გამორიცხვის გარეშეც ის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს. ვაჟა ოთარაშვილის თქმით, კი ბიუჯეტი არ გამოხატავს დედაქალაქის მოსახლეობის ინტერესს და ემსახურება მხოლოდ მმართველი პარტიის ძალების მობილიზებას მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია ის რომ ბიუჯეტის კლების მიუხედავად 5 მილიონი ლარით იზრდება ბიუროკრატიული ხარჯები და მცირდება ინფრასტრუქტურული მიმართულებით.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ბიუჯეტში ყველა ძირითადი საჭიროებაა გათვალისწინებული.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უარყოფს იმას, რომ ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდა მოხდა და აცხადებს, რომ ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია.

საკრებულოს წევრი ბექა დავითულიანი, ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს მოხდა არა ჩინოვნიკებისთვის ხელფასის ზრდის გამო არამედ, იმიტომ რომ თბილისის მთავრობას დაემატა ბავშვთა ზრუნვის სააგენტოც, რომელსაც ცენტრალური ბიუჯეტიდან თავისი ბიუჯეტი მოჰყვა.

დღის ამბები