20 იანვარი 2021,   21:45
ვრცლად
შეზღუდვები ქვეყანაში გაზრდის მოსახლეობის პრობლემებს და გაიზრდება უმუშევრობა - ექსპერტები შეზღუდვების შესახებ

იქნება თუ არა ახალი შეზღუდვები ბიზნესისთვის საფრთხის შემცველი - ექსპერტების მოსაზრებები არაერთგვაროვანია. მათი განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ხელისუფლებასა და ბიზნესსექტორს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა და არის საკითხები, რომელიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია.

ეკონომისტების აზრით, ახალი შეზღუდვები ქვეყანაში მოსახლეობის პრობლემებს გაზრდის, ასევე გაიზრდება უმუშევრობაც. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, რისკები სათანადოდ შეაფასონ. 

"პრემიერთან გაცვლა-გამოცვლა იყო იმ სიძნელეების, რა სიძნელეებშიც შეიძლება ბიზნესი აღმოჩნდეს. საუბარი იყო შეზღუდვების შესაძლებლობაზეც, ვარიანტებზე, იმ ვარიანტებზე, თუ რომელი სფეროებია შესაძლებელი რომ დაიხუროს. მხარდაჭერის შესაძლებლობა არის და პრემიერმა აღუთქვა იმ სფეროებს, რომლებსაც შეიძლება შეზღუდვა დაემუქროს,“ - განაცხადა რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ.

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია შეზღუდვების გამო ეკონომიკის დაზარალებასა და ფასების შესაძლო გაძვირებაზე საუბრობს.

"ეს შეზღუდვები თუნდაც ერთი კვირის წინ რომ დაწყებულიყო, უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ჭრილში დააზარალებს ბიზნესსაც, მოქალაქეებსაც, ბიუჯტსაც. მოსალოდნელია ფასების შემდგომი გაძვირებაც,“ - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

ფინანსისტი, თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიგა ბედინეიშვილი ამბობს, რომ მკაცრი შეზღუდვების დაწესებით, მოქალაქეების ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. 

"თუ ამ მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას დავუმატებთ მკაცრ შეზღუდვებს, მაშინ ამას დავუმატებთ კიდევ ათასობით მოშიმშილე ადამიანს," - აღნიშნა გიგა ბედინეიშვილმა

დღის ამბები