15 იანვარი 2021,   19:05
ვრცლად
ახალი შეზღუდვების მიხედვით, სავარაუდოდ 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

კორონავირუსის ახალი მასშტაბების საპირისპიროდ, საკოორდინაციო საბჭო ახალ შეზღუდვებს აამოქმედებს.

იქამდე, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება გასაჯაროვდება, "კურიერმა" გაარკვია, რომ ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვები, ისეთი, როგორიც იყო პანდემიის პირველ ეტაპზე, არ იქნება.

სავარაუდოდ, ახალი გადაწყვეტილებებით სახელმწიფო უწყებები, კერძო კომპანიები და სავაჭრო ობიექტები მუშაობას დისტანციურად გააგრძელებენ. ასევე შეზღუდვა შეეხება ტრანსპორტსაც, როგორც საქალაქთაშორისოს, ისე მუნიციპალურს, თუმცა რა ფორმით შემცირდება გადაადგილება, ჯერ დაუზუსტებელია.

ერთ-ერთი ვერსიით, იზრდება გადაადგილების შეზღუდვა და სავარაუდოდ ქუჩებში მოძრაობა სპეციალური საშვის გარეშე აიკრძალება არა 22:00 საათიდან, არამედ 21:00 საათიდან.

განსაკუთრებული ზომები იქნება მიღებული იმ ქალაქებში, სადაც დღემდე რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. ასეთებია თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ზუგდიდი.

როგორც ცნობილია, ახალი შეზღუდვები სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. აქ იგულისხმება როგორც გამკაცრების ეტაპები, ასევე გარკვეულწილად შემსუბუქებაც, რომელიც ახალი წლის წინა კვირას ეხება. ამ დროისთვის გაიხსნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაც, თუმცა ნაკადების მოწესრიგების პრინციპის დაცვით და ასევე, გაიხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც.

დანარჩენ პერიოდში, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე იკრძალება ტრანსპორტის მოძრაობა  როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე დიდ ქალაქებში. გარდა ამისა, განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის სავაჭრო ობიექტები, სადაც დაწესებულია დამატებითი შეზღუდვები შაბათ-კვირასთან დაკავშირებით. ახალი შეზღუდვები ეხება გადაადგილებასაც და შესაბამისად, ის 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე იმოქმედებს. 

რაც შეეხება ბიზნესისა და მედიკოსების წარმომადგენლების მოსაზრებას, ისინი აცხადებენ, რომ აუცილებელია გამკაცრება, რადგანაც სხვა შემთხვევაში ვერ მოხდება ელემენტარული რესურსის მობილიზება.

დღის ამბები