20 იანვარი 2021,   21:42
ვრცლად
ჩვენი მიზანია, ეპიდემიის გავრცელების დღიური მაჩვენებელი შემცირდეს, რამაც ბუნებრივად უნდა შეამციროს სიკვდილიანობა - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული წერტილოვანი შეზღუდვების გადაწყვეტილება, პირველ რიგში, ეპიდემიის გავრცელების სისწრაფის შემცირებას ემსახურება.

მისი თქმით, შეზღუდვების გეგმის შედგენაში მონაწილეობდნენ როგორც ექიმები, ექსპერტები, ასევე ბიზნესის და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები. 

"სიტუაცია არ არის მარტივი, რთულია, თუმცა ეს ყველაფერი მართვადია და ჩვენ, ისევე, როგორც აგვისტომდე, ჩვენს მოქალაქეებთან, ექიმებთან, პოლიციასთან ერთად საუკეთესოდ ვახერხებდით ბალანსის დაჭერას ეკონომიკის ინტერესებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის, ჩვენ ამ მაჩვენებელს უნდა დავუბრუნდეთ.

მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში არის ეპიდემიის რეკორდული ზრდა და, განსაკუთრებით, ეს ყველაფერი არის კონცენტრირებული ევროპაში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბალანსზე, როცა საუბარია ეპიდემიის მართვაზე, ჩვენი არჩევანი ყოველთვის იყო ეკონომიკასთან ერთად ბალანსის დაჭერა, რაც შემდგომ გადაიზარდა ადაპტაციაში და ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ და ვაგრძელებთ ეფექტურად.

თუმცა, ყველას მოგვეხსენება, რომ სადღაც სექტემბრის თვისთვის ჩვენი ბალანსის კიდევ ერთი მდგენელი გაჩნდა - ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებთან ერთად პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკური პროცესის ამ ბალანსში მდგენელად ჩართვის პირობებში, გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა მოგვიწია. ეს კომპრომისები იყო განსაზღვრული იმ დემოკრატიული პროცესებით ქვეყანაში, რამაც მიგვიყვანა ჯერ პირველ ტურამდე, შემდეგ მეორე ტურამდე და შემდგომ გამოხატვის იმ თავისუფლებამდე, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა გამოხატეს და დაადასტურეს რამდენჯერმე ჩვენი ქვეყნის და ქალაქების ქუჩებში. დღეს ჩვენი - საქართველოს მთავრობის, მოქალაქეების, ექიმების - ყველას ამოცანაა, რომ საქართველო დავუბრუნოთ ისეთ მაჩვენებლებს, როგორიც გვქონდა აგვისტომდე. მოგეხსენებათ, რომ ამ პერიოდში საქართველო იყო ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა. ყველაფერთან ერთად, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენი ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პერსპექტივის შენარჩუნებისთვის, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ.

ჩვენს არსენალში არის რამდენიმე ინსტრუმენტი და ეს ყველამ იცის რაც არის: პირველ რიგში, სრული ლოკდაუნი, რასაც ლოკდაუნი ჰქვია, მეორე - არაფერს არ ვაკეთებთ და ვაგრძელებთ ცხოვრებას და მესამე - უფრო ეფექტური, წერტილოვანი შეზღუდვების შემოღება. როცა ამაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის შეზღუდული რესურსები მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას და ამავდროულად, მაქსიმალური შედეგი მივიღოთ ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით.

რა არის აქ პრინციპული სხვაობა პირველ ტალღასთან შედარებით - მაშინ, როდესაც ეს შეზღუდვები დავაწესეთ, მსოფლიოში არავის ჰქონდა წარმოდგენა, ეს რამდენ ხანს გაგრძელდებოდა. ჩვენ დღეს რაზეც ვისაუბრეთ, ეს არის საქართველოს მთავრობის ორ თვიანი გეგმა - კონკრეტული თარიღებით და ღონისძიებებით. ეს გეგმა გახლავთ, პირველ რიგში, დისკუსიის შედეგად შედგენილი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ფართო საზოგადოება. როგორც ბიზნესი, ექიმები, საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები, ბევრი ადამიანი იღებდა ამაში მონაწილეობას, ჩვენი საერთაშორისო მრჩევლებიც. ღონისძიების მთავარი მიზანია, რომ შევაჩეროთ ეპიდემიის ზრდის სისწრაფე. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ორთვიანი გეგმით ეპიდემიის გავრცელებას დავიყვანთ ასეულობამდე ან ათეულობამდე. ჩვენი მიზანია, ეპიდემიის გავრცელების დღიური მაჩვენებელი შემცირდეს, რამაც უნდა შეამციროს დაწოლა ჯანდაცვის სისტემაზე, რამაც, თავის მხრივ, ბუნებრივად უნდა შეამციროს ტრაგიკული სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა,"-განაცხადა პრემიერმა. 

დღის ამბები