20 იანვარი 2021,   20:40
ვრცლად
ჩვენს სინამდვილეში საველე ჰოსპიტლის ანალოგი არის კოვიდსასტუმრო - თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედპერსონალის დეფიციტის მხრივ არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სექტემბრის თვესთან შედარებით, ამ მხრივ სიტუაცია ნელ-ნელა შემსუბუქდა:

"მედპერსონალის დეფიციტი არის ყველაზე სერიოზული პრობლემა, რომლის გადაჭრაც მარტივად და მოკლე დროში შეუძლებელია. ამდენად, ჩვენ ვმუშაობთ იმ ადამიანურ რესურსთან, ვინც დღეს სამედიცინო სისტემაშია და ხდება რესურსის გადანაწილება მეტად ცხელ წერტილებში. პირველი დარტყმა იყო ყველაზე რთული, ანუ სადღაც სექტემბრის ბოლოს ყველაზე მაღალი იყო სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი და საბედნიეროდ დიდი ნაწილი დღეს უკვე დაუბრუნდა სამუშაო ადგილებს და გარკვეულწილად ეს საკითხი შედარებით შემსუბუქდა," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის საერთო რაოდენობა 5 000-მდეა.

მინისტრის მოადგილე საველე ჰოსპიტლების საჭიროებასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოში ამის ანალოგს კოვიდსასტუმრო წარმოადგენს:

"ჩვენს სინამდვილეში საველე ჰოსპიტლის ანალოგი არის კოვიდსასტუმრო, სადაც სამედიცინო მართვის ელემენტების შეტანა ჩვენ აჭარიდან დავიწყეთ, რადგან იქ ამის აუცილებლობა ყველაზე ადრე და მწვავედ დადგა. ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ," - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები