20 იანვარი 2021,   21:20
ვრცლად
პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი აქცია არ ჩატარდება - ოპოზიცია პროტესტის ალტერნატიულ გზებზე ფიქრობს

გაუარესებულმა ეპიდვითარებამ ოპოზიციას დღის წესრიგი შეაცვლევინა. სხვადასხვა პარტიის ლიდერები მსჯელობენ, რა ფორმა მისცენ პროტესტს, რომელიც არჩევნების შემდეგ დაიწყო.

მსჯელობა გრძელდება და სავარაუდოდ, სამოქმედო გეგმა ცნობილი ხვალ გახდება. წინასწარ ცნობილია, რომ აქცია იქნება იმ დღეს, როდესაც მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბება, თუმცა ამ აქციის დეტალებიც დასაზუსტებელია. 

"პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია არ ჩატარდება და ამაზე თანხმობა პოლიტიკური სპექტრის უდიდეს ნაწილში არის. თუმცა, ფორმალურად საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ჩვენ ვფიქრობთ პროტესტის ალტერნატიულ მეთოდებზე, სხვადასხვა გზებზე, თუ როგორ შეიძლება ამ პროცესს გავემიჯნოთ და ჩვენი პროტესტი დავაფიქსიროთ,"- განაცხადა "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა პროტესტის გამოხატვის სავარაუდო ფორმებზე საუბარი არ ისურვა და აღნიშნა, რომ ეს გამოცხადდება ხვალ, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ. 

"ვერსიებს ვერ გეტყვით, რადგან შეიძლება შეიცვალოს და ტყუილად გამომივიდეს თქმა. განიხილება რამდენიმე ვერსია, რაღაცებზე ჩამოვყალიბდით, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ხვალ, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, უფრო გაფართოებულ ფორმატში ყველა პარტიასთან შევათანხმოთ აბსოლუტურად და ხვალ გამოვაცხადებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ძალიან საინტერესო ვერსიები მუშავდება,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა

დღის ამბები