20 იანვარი 2021,   20:56
ვრცლად
პოლიტიკური სპექტრი დიალოგის მესამე რაუნდის მოლოდინშია - ლიდერების ნაწილს ფასილიტატორებთან კონსულტაციების შემდეგ კომპრომისის მოლოდინი აქვს 

ქართული პოლიტიკური სპექტრი დიალოგის მესამე რაუნდის მოლოდინშია. თარიღი კვლავ უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან უცვლელი წინაპირობებით სხდებიან. ლიდერების ნაწილს ამერიკელ და ევროპელ დიპლომატებთან კონსულტაციების შემდეგ კომპრომისის მოლოდინი აქვს, თუმცა დეტალებზე ისინი ჯერ არ საუბრობენ. უცვლელია მმართველი გუნდის პოზიცია. 

ოპოზიცია კვლავ იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ მმართველი გუნდის მხრიდან არც ერთი წინადადება არ მიუღიათ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, სადაც, მისი თქმით, გაირკვევა არის თუ არა ხელისუფლება მზად, რათა ქვეყანა შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს.

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გარკვეულ პროგრესზე და ფრთხილ ოპტიმიზმზე, ეს ხელისუფლებიდან გამომდინარე კი არ ვსაუბრობთ, უბრალოდ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები ძალიან მოწადინებული არიან, რომ ამ პროცესმა შედეგი გამოიღოს და შესაბამისად, ეს გვაძლევს ჩვენ ოპტიმიზმის საუბარს, თუმცა ჯერჯერობით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ არ მოგვისმენია არც ერთი წინადადება თავად ხელისუფლების მხრიდან, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მესამე რაუნდი, სწორედ მესამე რაუნდზე გაირკვევა რამდენად მზად არის ხელისუფლება, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეთ," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი გიგი უვულავა ამბობს, რომ თუ ოპოზიცია ხელისუფლებისგან რაიმე წინადადებას მიიღებს, ხელისუფლებაც კონკრეტულ პასუხს მიიღებს. 

"თურმეობითში საუბარს არ ვაპირებ იმიტომ, რომ მიმაჩნია პოლიტიკოსები, რომლებიც საუბრობენ თურმეობითში, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია, რომ ჰიპოტეტურ რაღაცებზე ვილაპარაკო. მოვა წინადადება - ამ წინადადებაზე კონკრეტული პასუხი იქნება, არ მოვა წინადადება - არ იქნება. მე ვერ ვიმარჩიელებ ივანიშვილის თავში რა შეიძლება მოიხარშოს და რა - არა," - განმარტა გიგი უგულავამ.

პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი მოლაპარაკებების პროცესის მიმართ ელჩების იმედიან განწყობაზე საუბრობს.

"ამ შეხვედრაზე მეც ვიყავი და დავინახე ერთი რამე, რომ ელჩებს ბევრად უფრო იმედიანი განწყობა აქვთ პროცესის მიმართ და როცა ამას ვამბობ, ალბათ ვგულისხმობ, რომ ხელისუფლებიდან გამომდინარე აქვთ ასეთი განწყობა, ვიდრე ჰქონდათ აქამდე. კონკრეტულად, რა თქმა უნდა, მათ არც უთქვამთ და ვერც გვეტყოდნენ, რას შეიძლება ეფუძნებოდეს ეს მათი განწყობა. არსებობს ესე იგი რაღაცა რესურსი, რომ დაახლოვდეს პოზიციები," – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, ხელისუფლება ძალიან მალე დაინახავს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი სწორედ ხელახალი არჩევნების ჩატარებაშია.

"მეც ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, ვინაიდან ხელისუფლება ძალიან მალე დაინახავს, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ პოლიტიკური კრიზისიდან არის სწორედ ხელახალი არჩევნების დანიშვნა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე მსჯელობა ზუსტად აი ამ საკითხის გარშემო გაიმართება. არა აქვს მნიშვნელობა რას ლაპარაკობს ირაკლი კობახიძე და რამდენიმე აგრესიული ბრიყვი. "ქართული ოცნება" აუცილებლად წამოვა ამ მოლაპარაკებაზე და მათ აუცილებლად მოუწევთ თვალის გასწორება იმ რეალობასთან, რასაც ჰქვია ამ პროცესის სრული ბოიკოტირება პოლიტიკური ოპოზიციის მხრიდან," - აცხადებს საბა ბუაძე.

"გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ფასილიტატორი ელჩები პოზიციების დაახლოების შესაძლებლობის პოვნას ცდილობენ.

"ბოლო ორი შეხვედრიდან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ფასილიტატორები ცდილობენ რაღაცნაირად იპოვონ პოზიციების დაახლოების შესაძლებლობა. მეტი რამე კონკრეტული განცდა, რომ გამოსავლისკენ გზა არის ნაპოვნი, არ გამჩენია," - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

დღის ამბები