18 იანვარი 2021,   02:46
ვრცლად
დაცარიელებული ქუჩები, გაჩერებული ტრანსპორტი, რესტორნები და კაფე-ბარები - დღეს დილიდან ყველა დიდ ქალაქში შეზღუდვები ამოქმედდა

დღეს დილიდან ყველა დიდ ქალაქში შეზღუდვები ამოქმედდა. მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერებულია და ავტობუსები და სამარშუტო ტაქსები ავტოპარკებში დგანან, აიკრძალა მგზავრების საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაყვანაც, დროებით მუშაობა შეწყვიტეს მოლებმა, რესტორნებმა, არასასურსათო მაღაზიებმა და სავაჭრო ცენტრებმა. მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ რეგულაციების დაწესება გარდაუვალი იყო. მათი თქმით, მიუხედავად მოსალოდნელი ეკონომიკური პრობლემებისა, წესების გამკაცრება ქვეყანაში კრიტიკულ ეპიდვითარებას შეცვლის.  

ყველაზე მტკივნეულად მოქალაქეებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება მიიღეს. ამბობენ, რომ აუცილებელი საჭიროებებიდან გამომდინარე ტაქსით გადაადგილება უწევთ, რაც მათ გაუარესებულ სოციალურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახება. მათი მტკიცებით, რეგულაციების ამოქმედებიდან რამდენიმე საათში ტაქსის მომსახურების ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა.

წელს, მსოფლიო პანდემიის გამო, მუშაობის ახალ მეთოდზე სრულად გადაწყობა უკვე მეორედ უწევთ რესტორნებსა და კვების ობიექტებს. მათი დიდი ნაწილი მუშაობას გამოძახებისა და ადგილზე მიტანის სერვისის დახმარებით განაგრძობს. 

დღეიდან მხოლოდ ონლაინ გაყიდვებზე გადავიდნენ მოლებში, სავაჭრო ცენტრებში და ინდივიდუალურად მოქმედი არასასურსათო მაღაზიები. პარალელურად სექტორის წარმომადგენლები მთავრობას სთხოვენ, რომ შეზღუდვების შემსუბუქების დაანონსებული ერთკვირიანი ვადა გაზარდოს. 

დღის ამბები