18 იანვარი 2021,   02:35
ვრცლად
არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვისთვის ზუგდიდში პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 43 წლის მამაკაცი დააკავეს.

მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობა და ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები, პირადი სარგებლობის მიზნით, წინასწარი შეცნობით შეიძინა, ფლობდა და ინახავდა.

სამართალდამცველებმა, კომპლექსურად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ზუგდიდში დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი, მეხსიერების ბარათები, ლაზერული დისკები, ფული და სიმბარათები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები