18 იანვარი 2021,   01:53
ვრცლად
"ინტელექსპრესის" ოფისის ძარცვის დეტალები - 2 თვის წინ მომხდარი ძარცვის საქმეზე 2 პირი დააკავეს

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სარდაფი ერთმანეთთან საცხოვრებელ სახლებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელექსპრესს" აკავშირებს. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამ გზით გაქურდეს კომპანიის ოფისი.

მათივე ცნობით, 19 სექტემბერს, გვიან ღამით, ორმა პირმა საცავის იატაკი ამოჭრა, რის შემდეგაც 300 000 ლარი და საიუველირო ნაწარმი მოიპარა. 

თითქმის 2-თვიანი გამოძიება, საქმის გახსნით და 2 პირის დაკავებით დასრულდა. ძალოვანი უწყების ინფორმაციით, მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მტკიცებულებებია ამოღებული.

სამართალდამცველების ამ ვერსიას არ ეთანხმებიან დაკავებულთა ოჯახის წევრები და უფლებადამცველები.. მათი თქმით, ძალოვნების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ფალსიფიცირებულია. ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების ზომად პატიმრობასაც ეწინააღმდეგებიან და გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში გეგმავენ.

გამოძიება ერთი ბრალდებულის შემთხვევაში 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება. მეორე ბრალდებულს კი გამოძიება 260-ე მუხლსაც ედავება, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები