18 იანვარი 2021,   18:43
ვრცლად
ინაუგურაციისთვის მზადება საგანგებო მდგომარეობის პირობებში - აშშ-ში დემოკრატები ტრამპის იმპიჩმენტს, ან 25-ე შესწორების გამოყენებას მოითხოვენ

აშშ-ის 50-ივე ადმინისტრაციაში კვირის ბოლოსთვის საკანონმდებლო შენობებთან აქციებისთვის ემზადებიან, FBI მემარჯვენე ფრთისგან შეიარაღებულ თავდასხმებსაც არ გამორიცხავს. ინაუგურაციამდე 8 დღით ადრე პოლიტიკურ დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება, ამჯერად განკარგულება თავად დონალდ ტრამპმა გასცა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში დედაქალაქისთვის დამატებითი ძალოვანების მობილიზება იქნება შესაძლებელი - ამერიკა უარესი სცენარისთვის ემზადება.

მკაცრი ზომები დონალდ ტრამპმა მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ დააწესა, რომელიც არეულობის დღის შემდეგ გუშინ პირველად შედგა. საუბარი თეთრმა სახლმა დადებითად შეაფასა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მაიკ პენსი დემოკრატების მოთხოვნას არ გაითვალისწინებს 25-ე შესწორების ამოქმედების თაობაზე, რაც ტრამპის დაუყოვნებლივ გადაყენებას უზრუნველყოფდა და მომავალში მისი გაპრეზიდენტების შესაძლებლობასაც დახურავდა. 

პენსის უარის შემთხვევაში, დემოკრატები "გეგმა ბ-ს" აამუშავებენ - ეს იმპიჩმენტია. ორი რეზოლუციიდან ერთ-ერთი,რომელსაც კონგრესმა დღეს უნდა უყაროს კენჭი სწორედ ტრამპთან ამ გზით დამშვიდობებას გულისხმობს. დემოკრატები იმპიჩმენტის დოკუმენტში წერენ, რომ ტრამპმა ამბოხი წაახალისა და ამით ქვეყნის უსაფრთხოებასა და დემოკრატიას დაემუქრა. 

იმპიჩმენტის მოთხოვნა ტრამპმა "კუდიანებზე ნადირობად" შეაფასა.

რაც შეეხება ჯო ბაიდენს, ის ინაუგურაციისთვის მზადებასთან ერთად კაბინეტსაც ამზადებს. 46-ე პრეზიდენტმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსად დღეს რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, უილიამ ბარნსი დაასახელა.

ძველ ადმინისტრაციას კი პირიქით, უკვე მესამე მინისტრი ტოვებს, ამჯერად უსაფრთხოების დარგში. პრობლემები შეექმნათ იმათაც, ვინც შტურმის დღეს კონგრესში პროცესებისთვის ხელშეშლა სცადა - ამერიკული მსხვილი კორპორაციები ამ კანონმდებლებს შემოწირულობებს უჩერებენ.

დღის ამბები