18 იანვარი 2021,   18:17
ვრცლად
მკვლელობა ავარიის ინსცენირებით - არასრულწლოვანს 50 წლამდე მამაკაცი დაედევნა და მოკლა

17 წლის ბიჭის მკვლელობის საქმე - პროკურატურამ სოფელ ფოლადაანთკარში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავეს ბრალის კვალიფიკაცია შეუცვალა და დაუმძიმა.

ირკვევა, რომ არასრულწლოვანი ცოტნე აღდგომელაძე 50 წლამდე მამაკაცმა განზრახ მოკლა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს კონფლიქტი ჰქონდა მოკლულის ბიძასთან, რა დროსაც დაპირისპირების ადგილზე იმყოფებოდა 17 წლის მოზარდიც.

უსაფრთხოების მიზნით ბიძამ ბავშვი სახლში გაუშვა. მას შურისძიების მოტივით დაედევნა ვანო ზანდარაშვილი და ავტომობილი მაღალი სიჩქარით განზრახ დააჯახა.

არასრულწლოვანი ცოტნე აღდგომელაძე მოპედით გადაადგილდებოდა, დაზიანებები კი იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

დამნაშავე შემთხვევიდან მეორე დღესვე დააკავეს. ბრალის ახალი დადგენილება კი გამომძიებლებმა დღეს გამოიტანეს. 

ფოლადაანთკარში ზანდარაშვილის ოჯახი ამ შემთხვევის შემდეგ აღარ გამოჩენილა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამართალდამცველები ადგილზე აქტიურად მუშაობდნენ.

17 წლის გარდაცვლილი ბიჭის დედა იზიარებს მუხლის იმ კვალიფიკაციას, რომელიც ვანო ზანდარაშვილს პროკურატურამ წარუდგინა. მოკლულის ოჯახი ამბობს, რომ ოჯახის პოზიცია თავიდანვე იყო, რომ ბიჭი შურისძიებით განზრახ იყო მოკლული.

რაც შეეხება დაკავებულის ინტერესების დამცველს, ის ამბობს, რომ ბრალდებული პროკურატურის ბრალის ახალ ვერსიას არ იზიარებს და ამ მუხლით წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ის დუმილის უფლებას იყენებს. 

გარდა ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ კონფლიქტი გარდაცვლილის ბიძის მიზეზით მოხდა და ახლა მთავარი მოთხოვნა, რომელიც ბრალდებულის ადვოკატს აქვს, არის, რომ იაგო ჯიქურის მიმართაც დაიწყოს სამართალწარმოება.

დღის ამბები