04 მარტი 2021,   10:23
ვრცლად
ხმაური ჩოხატაურის მერიასთან - სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფთს აქციის მონაწილეები მათი უფლებების არასათანადოდ დაცვაში ადანაშაულებენ

ჩოხატაურის მერიასთან ხმაური იყო. რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებული მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა ამ დრომდე ადგილზე რჩება, ორივე მხარე საკუთარ მოთხოვნებს აყენებს. ხმაური აქციაზე სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთის გამოჩენას მოყვა, მერიაში გაიმართა შეხვედრაც.

საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ აქციის მონაწილე მუსლიმური თემის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ მიღებულია პირობა, რომ პარასკევის ლოცვას ხელი არ შეეშლება.

"ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, მეც თქვენც, რომ არ მიეცეს საშუალება რაიმე პროვოკაციას, რომ მოხდეს დაპირისპირებები. არ უნდა ავყვეთ არცერთი მხარე. ლოცვა შედგება და თითოეულმა უნდა ვიზრუნოთ და მე როგორც მუფთი პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რომ არ დაირღვეს მუსლიმი თემის უფლებები. ლოცვა გაგრძელდება, ამის გარანტია ჩვენ გვაქვს," - განაცხადა ადამ შანთაძემ და არ გამორიცხა, რომ დაპირისპირების პროვოცირება შესაძლოა მესამე ძალის ჩარევის შედეგად მომხდარიყო.

მუფთის ამ განცხადებას უნდობლობით ეკიდებიან  აქციის მონაწილეები და აცხადებენ, რომ აუცილებელია ადგილობრივი ხელისუფლების წერილობითი გარანტიის არსებობა, რომ ლოცვებს ხელი არ შეეშლება, ამასთანავე საჭიროა დაძაბულობის შემდგომი პრევენციის გზებზე შეთანხმებაც. როგორც აქციაზე შეკრებილები აცხადებენ მუფთმა რეაგირება დააგვიანა და მას ადგილზე სასულიერო პირები სიტუაციის განსამუხტად უფრო ადრე უნდა გაეგზავნა.

"იმდენი ხოჯაა, იმდენი იმამია გამოგეგზავნათ და დამდგარიყვნენ ჩვენს გვერდით და მათ მოეგვარებინათ, მესამე ძალაზე რომ ლაპარაკობთ, თქვენ მოგეგვარებინათ და არ გამოჩნდებოდა არც მესამე ძალა და არც მეხუთე, იქნება რა პრობლემა გვაქვს, იქნებ სხვა რაღაცას ვითხოვთ, იქნებ იმასაც ვითხოვთ, რომ ბათუმშიც იყოს მეჩეთი, რომ არ ახსენებ მაგას, დალაგდება, დალაგდება, ვიმედოვნებ, წადი სადაც გინდა და იქ იმედოვნე," - მიმართა აქციის მონაწილემ მუფთს.

სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ აუცილებელია კონფლიქტი მალე აღმოიფხვრას და დაპირისპირება შეწყდეს.

დღის ამბები