04 მარტი 2021,   10:56
ვრცლად
მაღალმთიან სოფლებში, სადაც ინტერნეტიზაციის გარკვეული პრობლემებია, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება

განათლების მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ რეგიონებსა და იმ მაღალმთიან სოფლებში, სადაც ინტერნეტიზაციის პრობლემები არსებობს, სასწავლო პროცესი ორშაბათიდან საკლასო ოთახებში დაიწყება.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, რის საფუძველზეც მოსწავლეებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნებათ.

"ერთი კარგი ინფორმაცია, რაზეც აქამდეც ვისაუბრეთ ეს არის, რომ რეგიონებში და ასევე მაღალმთიან სოფლებში, სადაც ინტერნეტიზაციის გარკვეული პრობლემები არსებობს, სასწავლო პროცესი მიმდინარეობს საკლასო ოთახში, ან ორშაბათს დაიწყება საკლასო ოთახში, რაც ერთი მხრივ არის ძალიან კარგი, წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ პრობლემა ამ მხრივ ამ მოსწავლეებს არ შეეხებათ.

მეორე მხრივ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ განათლების ხელმისაწვდომობაზე, მნიშვნელოვანია, რომ აღინიშნოს, რომ თავიდანვე განათლების სამინისტრომ დაიწყო ფიქრი, როდესაც დისტანციურ სწავლებაზე გადავდიოდით, რა სერვისები უნდა შეექმნათ დამატებით იმისთვის, რომ მოსწავლეს არ ჰქონოდა პრობლემა და მოწყვეტილი არ ყოფილიყო სასწავლო პროცესს," - განაცხადა ეკა დგებუაძემ. 

დღის ამბები