04 მარტი 2021,   07:07
ვრცლად
ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად დასახელებულია 2021 წლის 1 კვარტალი - ეკატერინე ტიკარაძე

COVID-19-ის მართვის ახალი ფაზა - დღეს ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა. გადაწყდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის ქვეყანაში შემოტანის ვადა არ გასცდება მიმდინარე წლის პირველ კვარტალს. მოსამზადებლად პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. მომავალ კვირაში კი პროცესები საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დოკუმენტში განხილულია ასევე, რა მზაობაა ქვეყანაში ვაქცინის მისაღებად. 

"ჩვენ შევდივართ კოვიდ-19-ის მართვის ახალ ფაზაში და აქ წამყვანი როლი აქვს ვაქცინას. მოკლედ მოგახსენებთ, რომ დღევანდელი საბჭო ეძღვნება ვაქცინის დანერგვის გეგმის შემუშავების დასრულებას. დოკუმენტის შინაარსში ჩვენ განვიხილეთ როგორც ვაქცინის მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება, იმისათვის, რომ მოხდეს ვაქცინის საქართველოს შემოტანა ყოველგვარი შეფერხების გარეშე. ამასთან დაკავშირებით მოხდა ასევე საკანონმდებლო ინიცირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, ასევე თვითონ ვაქცინის შემოტანის კუთხით.

დოკუმენტში არის დეტალურად განხილული, თუ რა მზაობაა ქვეყანაში, პერსონალის მზაობა და ტრენინგები, რაც ასევე მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების პროცესში. 

თქვენ იცით, რომ ჩვენ ვართ გაერთიანებული კოვაქს პლატფორმაში, სადაც ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს პირველი ეტაპისთვის მივიღოთ "ფაიზერის" ვაქცინა. კოვაქს პლატფორმიდან მივიღეთ წერილი და უკვე ორშაბათს უნდა მოხდეს საპასუხო წერილის გაგზავნა სამინისტროს მხრიდან, სადაც ჩვენ დეტალურად უნდა გავცეთ მათ პასუხი იმის შესახებ, თუ რა მზაობა არის ქვეყანაში იმისათვის, რომ მოხდეს ვაქცინის შემოტანა და სავარაუდო თარიღად დასახელებული არის 2021 წლის 1 კვარტალი.

მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი დოკუმენტი მათ დააკმაყოფილებს და საქართველოს ექნება შესაძლებლობა იმის, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში მივიღოთ ვაქცინაცია,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები