27 თებერვალი 2021,   11:28
ვრცლად
"ბედნიერი რიგი შემხვდა, 13 ნომერი" - რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გერმანიიდან რუსეთში მიფრინავს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გერმანიიდან რუსეთში მიფრინავს. "ნოვიჩოკით" მოწამვლის გამო გერმანიაში რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, ალექსეი ნავალნი მოსკოვში ცოლთან - იულიასთან ერთად ბრუნდება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მგზავრობას Tvrain.ru პირდაპირ ეთერში აშუქებს. როგორც გამოცემა წერს, თვითმფრინავის ბორტზე მედია მრავალრიცხოვნად არის წარმოდგენილი.

"ბედნიერი რიგი შემხვდა, 13 ნომერი. მოსკოვში ველოდები მშვენიერ ამინდს -23-ს და სასიამოვნო განცდას, რომ ჩემს მშობლიურ ქალაქამდე ჩავაღწევ, "- განაცხადა ალექსეი ნავალნიმ მედიის წარმომადგენლებთან.

ალექსეი ნავალნი ბერლინის აეროპორტში დიპლომატიური ავტომობილით მიიყვანეს. ალექსეი ნავალნის და მის მეუღლეს ჩვეულებრივი რეგისტრაცია არ გაუვლიათ, მათი სამგზავრო დოკუმენტები რეგისტრაციაში ფედერალური პოლიციის თანამშრომლებმა გაატარეს.

ალექსეი ნავალნის რეისს ბერლინიდან გამოფრენა რამდენიმე წუთით შეაგვიანდა, რადგან რეისიდან მოხსნეს ერთი მგზავრი, რომელიც ბორტგამცილებლებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

ფრენა 2 საათი და 25 წუთი უნდა გაგრძელდეს და თვითმფრინავი მოსკოვის "ვნუკოვოს" აეროპორტში ადგილობრივი დროით 19:20 საათის შემდეგ დაეშვება.

მოსკოვში ჩასვლის შემდეგ ალექსეი ნავალნი, შესაძლოა, დააკავონ, რუსეთის საგამოძიებო უწყებები მას პირობითი სასჯელის წესების დარღვევას ედავებიან და მის დაპატიმრებას ითხოვენ.

Tvrain.ru წერს, რომ "ვნუკოვოს" მოფრენის ზონიდან ხალხის გაყვანა მოხდა და იქ გაუმჭვირვალე შირმა დააყენეს. აეროპორტში მხოლოდ გამგზავრების ბილეთის მქონე პირებს უშვებენ, თუმცა როგორც Tvrain.ru წერს, აღმოჩნდა, რომ ალექსეი ნავალნის დახვედრის მიზნით, ხალხის ნაწილმა სპეციალურად შეიძინა იაფი ბილეთები, რათა აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე მოხვედრილიყვნენ.

ადგილზე მიყვანილია პოლიციის ფურგონებიც.

ალექსეი ნავალნი  მძიმედ მოწამვლის შემდეგ მკურნალობის კურსს გერმანიაში გადიოდა. ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით თვითმფრინავში შეუძლოდ 20 აგვისტოს გახდა, როცა ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. ის ჯერ ომსკის საავადმყოფოში მოათავსეს, საიდანაც 22 აგვისტოს ბერლინში გადაიყვანეს და რამდენიმე კვირა ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა.

დასავლეთის ქვეყნების ლაბორატორიებმა დაადგინეს, რომ ნავალნი მოწამლეს "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული ნივთიერებით. ნავალნის მტკიცებით, მის მკვლელობას რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით ცდილობდნენ.

დღის ამბები