04 მარტი 2021,   23:15
ვრცლად
"თავისი მოსახდელი მოიხადოს, მაგრამ ისიც გაირკვეს, ამ მდგომარეობამდე რამ მიიყვანა" - მძევლად აყვანის საქმეზე ბრალდებულის ოჯახი ომბუდსმენის წარმომადგენელს შეხვდა

კასპში მძევლად აყვანის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მენაბდიშვილის ოჯახი სახალხო დამცველის მოადგილეს შეხვდა.

ბრალდებულის დედის თამარ მერაბაშვილის განცხადებით, ომბუდსმენის წარმომადგენელს საქმის მიმდინარეობის პროცესში დახმარება სთხოვა.

"მოქალაქეებსაც კი ვთხოვ გვერდში დამიდგნენ, რომ სამართალი ვიპოვო. იმან თავისი მოსახდელი მოიხადოს, მაგრამ ისიც გაირკვეს, ამ მდგომარეობამდე რამ მიიყვანა. ამ მდგომარეობამდე დაუცველობის შეგრძნებამ მიიყვანა. შეეჯახა ერთის მხრივ, კრიმინალურ სამყაროს, მეორე მხრივ, სამართალდამცველებს.

სახალხო დამცველი ფიზიკურად არ იყო აქ, შევხვდი სახალხო დამცველის მოადგილეს. შემპირდნენ, რომ ყველაფერს გაარკვევენ," - განაცხადა ბრალდებულ გიორგი მენაბდიშვილის დედამ, თამარ მერებაშვილმა.

თავის მხრივ, ომბუდსმენის მოადგილე აცხადებს, რომ მენაბდიშვილის საქმით დაინტერესდებიან და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პროცესს დააკვირდებიან.

"პირველად, საქმესთან დაკავშირებით მაქსიმალურად გამოვითხოვთ ინფორმაციას. შევისწავლით, ჩვენ რაც შეგვეძლება, რამდენად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, ასევე ბუნებრივია, ჩვენ უშუალოდ გიორგი მენაბდიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობითაც დავინტერესდებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს გიორგის ოჯახის წევრების თხოვნა იყო. მის სისხლის სამართლის საქმესაც შეძლებისდაგვარად დავაკვირდებით, რასაც ჩვენი კომპეტენცია მოგვცემს საშუალებას," - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, პოლიციელს, რომელმაც კასპში ორი მძევალი აიყვანა, ბრალი დღეს წარუდგინეს. საპროცესო მოქმედება გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში შედგა.

როგორც სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი ამბობს, გიორგი მენაბდიშვილმა ოფიციალური დადგენილება დახია.

დღის ამბები