04 მარტი 2021,   21:54
ვრცლად
თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტად გამოყენების ინიციატივა მიუღებელი და პრინციპულად არასწორია - მიხეილ სარჯველაძე

"გირჩისა" და "მოქალაქეების" ინიციატივა, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების ერთგვარ პლებისციტად გამოყენებას გულისხმობს, მიუღებელია როგორც ოპოზიციის ნაწილისთვის, ასევე მმართველი პარტიისთვისაც. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ეს ინიციატივა პრინციპულად არასწორია, თუმცა სხვა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად მმართველი პარტია სრულ მზადყოფნაშია:

"თემები, რომელთა ირგვლივაც შეიძლება შედგეს შეთანხმება, მნიშვნელოვანი შეთანხმება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, რა თქმა უნდა, არ ამოიწურება იმ შემოთავაზებით, რომელიც უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამოყენებას ერთგვარი პლებისციტის გამოყენების სახით. ეს ინიციატივა ჩემთვის მიუღებელია, არ არის სწორი პრინციპულად და ყველა შემთხვევაში უარსაყოფია.

რაც შეეხება სხვა საკითხებს და ასეთი საკითხთა წრე საკმაოდ ფართოა, მათ შორის, უმნიშვნელოვანესი არის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმება და კონსულტაციები, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით, გვექნება სრული მზადყოფნა, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, შიდა კონსულტაციების უშედეგობის მიზეზად, ოპოზიციურ გაერთიანებაში არსებული პოლიტიკური ძალების სხვადასხვა მისწრაფებებს მიიჩნევს.

"ოპოზიციაში შიდა კონსულტაციებს აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ სხვადასხვა მისწრაფებები აქვთ იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელიც იქ არის გაერთიანებული. ერთნი არიან, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ არანაირი არჩევნები, უფრო მეტსაც გეტყვით, მორიგი ან განმეორებითი არჩევნებიც არ აინტერესებთ, არის რევოლუციური სცენარის განვითარების მთავარი მიზანი, ნებისმიერი პოზიცია, რომელსაც ისინი გამოხატავენ და ძირითადად ნაცმოძრაობის გარშემო არიან შეკრებილები. მეორენი არიან, ვისაც მიაჩნიათ, რომ თავისი პოლიტიკური რესურსი უნდა გამოიყენონ და რეალიზაცია მოახდინონ პარლამენტში, მაგრამ აქვთ გარკვეული შიში,"- აცხადებს გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები