27 თებერვალი 2021,   11:38
ვრცლად
მკვლელობა პანკისში - სავარაუდო დამნაშავის მამიდა არ გამორიცხავს, რომ მისი ძმისშვილი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო

პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმე - უკვე მეორე დღეა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დანაშაულში მხილებულ პირს ეძებენ. ხიზირ გაურგაშვილი სოფელ დუისიდან მას შემდეგ მიიმალა, რაც ნათესავს, იბრაჰიმ ქავთარაშვილს დანით 12 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ჩადენილი დანაშაულის მიზეზი, ახლობლებს შორის წარსულში დაწყებული უთანხმოებაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დაპირისპირებული მხარეები შესარიგებლად უახლოეს დღეებში შეიკრიბებიან.

პირს, რომელმაც საკუთარი თანასოფლელი მოკლა ახლობლებიც ეძებენ. "კურიერი" მის მამიდას ესაუბრა, რომელიც ქავთარაშვილების ოჯახში სამძიმარზე იმყოფებოდა. მამიდის თქმით, მოკლულიც და მისი ძმისშვილიც მეგობრები იყვნენ და წარსულში რაიმე სახის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ სავარაუდოდ დანაშაულის ჩადენის მომენტში მისი ძმისშვილი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო.

"ამ ერთი თვის წინაც, თუ გახსოვთ არეულობა რომ იყო პანკისში, ნარკოტიკები რომ შემოვიდა, იმ ნარკოტიკებმა მოწამლა. იქიდან დაწყებული იყო. იქნებოდა ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ. აფექტურ მდგომარეობაში, აგრესიული ყოფილა, მე არ მინახავს.

არ ვიცი შერიგება იქნება თუ არა. ვერ ვპოულობთ, მივიყვანდით თვითონ," - აცხადებს ლამარა მარგოშვილი.

პანკისის ხეობაში საგამოძიებო მოქმედებებს, გამოძიების შედეგებსა და ასევე დამნაშავის დასჯას ელოდებიან. ამის შემდეგ კი უკვე გვარების წარმომადგენლები შეიკრიბებიან და მომხდარზე იმსჯელებენ. 

თანასოფლელების უმეტესობა ელოდება, რომ აღნიშნული საკითხი მშვიდობიანად მოგვარდება და მხარეები შერიგდებიან.

"არა მგონია, ერთი ადამიანის გულისთვის მთელი გვარი რომ გადაეკიდოს ერთმანეთს, ეგ არ იქნება. გვარის უფროსები ხვდებიან ერთმანეთს, დაილაპარაკებენ, სხვა გვარებიც ერთვებიან მაგაში, რომ ეს მშვიდობიანად დამთავრდეს," - აცხადებს ალი ქავთარაშვილი.

დღის ამბები