08 მარტი 2021,   22:17
ვრცლად
20 იანვარს ენგურჰესი სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების მიზნით გაჩერდება

20 იანვარს საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური - ენგურჰესი სარეაბილიტაციო - სარემონტო სამუშაოების მიზნით გაჩერდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დეტალური ინფორმაცია აღნიშნული მასშტაბური პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის სახელმწიფო უწყებებისა და ენგურჰესის სარეაბილიტაციო-სარემონტო პროექტის განმახორციელებელ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან განიხილა. 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ დიდ მნიშვნელობას, რომელიც ენგურჰესს აქვს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის. საქართველოს უმსხვილეს ჰიდროელექტროსადგურზე, რომელიც მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ამოქმედდა, კომპლექსური სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლოს 15 წლის წინ განხორციელდა. მინისტრის განცხადებით, სადგურის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის აუცილებელი გახდა მისი დროებითი გაჩერება და ამისთვის ოპტიმალური პერიოდი შეირჩა, როდესაც ენგურჰესში წყლის რესურსი მინიმალურია. ამავე დროს, პროექტი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით განხორციელდება, რათა სადგური ექსპლუატაციაში 2021 წლის 1-ელი მაისს გაეშვას

შეხვედრაზე სარემონტო - სარეაბილიტაციო პროექტში გამარჯვებული გერმანული, ქართული და თურქული კომპანიების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს დეტალური ინფორმაცია უკვე განხორციელებული მოსამზადებელი და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.

აღინიშნა, რომ პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი სადერივაციო გვირაბის რემონტია. სწორედ მისი მეშვეობით მიეწოდება აგრეგატებს წყალსაცავიდან წყალი. შესაბამისად, გვირაბის დასაცლელად და სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად ჰიდროელექტროსადგურის სრულად გაჩერებაა საჭირო. სადერივაციო გვირაბის რემონტი ავარიული მონაკვეთების შესაკეთებლად და  გაჟონილი წყლის მოცულობის   შესამცირებლად არის აუცილებელი. სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წელიწადში დამატებით 100-120 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავება იქნება შესაძლებელი.

შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, ენგურჰესზე სარემონტო - სარებილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში წარიმართება, რათა შეზღუდულ ვადებში მოხდეს სამუშაოების შესრულება და ენგურჰესის დროული ამუშავება.

 

დღის ამბები