04 მარტი 2021,   09:44
ვრცლად
გარეჯის საქმეზე ბრალის დასაზუსტებლად ნატალია ილიჩოვასთან და ივერი მელაშვილთან საპატიმროებში გამომძიებლები იმყოფებიან

ამ წუთებში ნატალია ილიჩოვასთან და ივერი მელაშვილთან საპატიმროებში გამომძიებლები იმყოფებიან. მათი ვიზიტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კიდევ ერთ საპროცესო მოქმედებას უკავშირდება, რომელიც ბრალდებულებისთვის ბრალის დაზუსტებას ითვალისწინებს.

პროცესს ესწრებიან ადვოკატებიც. მათთვის ახალი გარემოებების შესახებ ცნობილი გუშინ საქმის პროკურორებთან კომუნიკაციის შემდეგ გახდა.

ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი აღნიშნულს ნაჩქარევ გადაწყვეტილებას უწოდებს და აცხადებს, რომ პროკურატურისა და სახელმწიფოს მიზანი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობაში დატოვება იყო. ივერი მელაშვილის პროკურატურა სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ ქმედებას ედავება.

"ეს იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება და რასაც აქამდე ვამბობდით, რომ პროკურატურის და ზოგადად სახელმწიფოს მიზანი იყო არა ის, რომ განეხორციელებინა მართლმსაჯულება რაიმე ფორმით, არამედ მიზანი იყო ის, რომ ეს ადამიანი ჰყოლოდათ ციხეში. არ გამოვა მართებული, რომ წინასწარ რაღაცა პროგნოზები გავაკეთო. ედავებიან ქმედებას ბატონ ივერი მელაშვილს, მიმართულს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ," - აცხადებს ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი და ივერი მელაშვილის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე აცხადებს, რომ ილიჩოვასა და მელაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალი სრულიად მოუმზადებელი იყო.

"სრულიად მოუმზადებლად იყო წარდგენილი ბრალი და ბრალის შინაარსობრივი ჩამოყალიბება ნამდვილად არ იყო თავიდან გაკეთებული, როდესაც დაკავება განხორციელდა ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის. საქმის შესწავლა მიმდინარეობს მათივე ინფორმაციით, წლების განმავლობაში 2015 წლიდან და ამ ხნის განმავლობაში ბრალის ჩამოყალიბება არ იყო ზუსტად ფორმულირებული," - აცხადებს ნესტან ლონდარიძე.

ნატალია ილიჩოვას ადვოკატ გიორგი მახარაძის განცხადებით, აღნიშნულ ბრალში რაიმე სახით დავით გარეჯის ფორმულირებას ნაკლებად ელოდება.

"ბრალის დადგენილებაში გაჩენით შეიძლება ყველაფერი გაჩნდეს, თუმცა იქნება ალოგიკური იმიტომ, რომ არანაირი საზღვრის შეთანხმების სამუშაოები ამ მხრივ გარეჯის მონაკვეთთან მიმართებაში არ განხორციელებულა არც ერთ ეტაპზე ამ კომისიის საქმიანობის 96 წლიდან. შესაბამისად, ახლა ამას ყველაზე ნაკლებად ველოდები, რომ რაიმე გარეჯის ფორმულირება იყოს ამ ბრალში," - აცხადებს გიორგი მახარაძე.

შეგახსენებთ, მელაშვილი და ილიჩოვა ოქტომბერში დააკავეს. მათ საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხის შექმნაში სდებენ ბრალს.

დღის ამბები