04 მარტი 2021,   10:54
ვრცლად
2008 წლის აგვისტოს ომი და საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - სტრასბურგის სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

ვის ცნობს დამნაშავედ სტრასბურგის სასამართლო 2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წლის შემდეგ - ევროპული სასამართლო საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

საქართველო რუსეთს აგვისტოს ომის საქმეზე ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს. მათ შორისაა: სიცოცხლის უფლება; წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება; საკუთრების უფლება და სხვა.

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, 2013 წლიდან მოყოლებული, რუსეთთან მეორე სახელმწიფოთაშორისი დავის მოსაგებად საქართველომ მყარი პოზიციები და 700-მდე მტკიცებულება წარადგინა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჯამში 33 მოწმეს მოუსმინა. 2018 წლის 23 მაისს სტრასბურგის სასამართლოში საქმეზე ზეპირი მოსმენა გაიმართა.

საქმეზე პირველადი საჩივარი საქართველომ ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და დროებითი ღონისძიების მიღება მოითხოვა, ხოლო ოფიციალური სახელმწიფოთაშორისი საჩივარი 2009 წლის 6 თებერვალს წარადგინა. 2011 წლის 13 დეკემბერს სასამართლომ საქართველოს საჩივარი დაშვებულად გამოაცხადა.

"ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება საქართველოს დიდი გამარჯვება. ამ ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს პირველ რიგში ის გარემოება, რომ ამ საქმეში სიმართლე საქართველოს მხარეს არის და რა თქმა უნდა, ის არა ერთი მყარი მტკიცებულება, რომელიც საქართველომ ევროპულ სასამართლოს წარუდგინა.

მტკიცებულებები ადასტურებს იმას, რომ სწორედ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ხდებოდა ქართული სოფლებისა და ქალაქების  დაბომბვა,“ - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა. 

დღის ამბები